ახალი ამბები

“პოლიციამ წამიყვანა სოხუმში, რესტორან ამბრაში” – კვიციანი კითხვებს არ პასუხობს

8 სექტემბერი, 2019 •
“პოლიციამ წამიყვანა სოხუმში, რესტორან ამბრაში” – კვიციანი კითხვებს არ პასუხობს

“პოლიციამ წამიყვანა რესტორან ამბრაში სოხუმში იქ ვიქეიფეთ და დავბრუნდით”, – ასე უპასუხა დეპუტატმა ემზარ კვიციანმა ჟურნალისტებს სად წაიყვანა ის პოლიციამ და იმყოფებოდა თუ არა უკვე დაკითხვაზე.

ემზარ კვიციანი სპორტის სასახელში პატრიოტთა ალიანსის შეკრებაზე მივიდა მას შემდეგ, რაც ის რუსთაველის გამზირიდან პოლიციამ წაიყვანა.

შსს-მ ემზარ კვიციანის ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში პარლამენტის შენობის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები, ასევე, მოხდება არსებული ვიდეოჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც ქმედებას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ინციდენტი მოხდა პარლამენტის შენობის წინ, სადაც “სირცხვილიას” აქცია მიმდინარეობს მთავრობის დამტკიცების პროცედურის პარალელურად.

ინციდენტში პატრიოტთა ალიანსის წევრი დეპუტატი ემზარ კვიციანი მონაწილეობდა. მას აქციის მონაწილეები “პუტინის მონას” ეძახდნენ. კვიციანმა აქციის მონაწილეებს აგინა და ფიზიკურადაც შეეხო.

საბოლოოდ დეპუტატი ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა.

შსს-ში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი