ახალი ამბები

კვიციანის ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

8 სექტემბერი, 2019 • 1347
კვიციანის ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

შსს-მ ემზარ კვიციანის ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში პარლამენტის შენობის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები, ასევე, მოხდება არსებული ვიდეოჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც ქმედებას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ინციდენტი მოხდა პარლამენტის შენობის წინ, სადაც “სირცხვილიას” აქცია მიმდინარეობს მთავრობის დამტკიცების პროცედურის პარალელურად.

ინციდენტში პატრიოტთა ალიანსის წევრი დეპუტატი ემზარ კვიციანი მონაწილეობდა. მას აქციის მონაწილეები “პუტინის მონას” ეძახდნენ. კვიციანმა აქციის მონაწილეებს აგინა და ფიზიკურადაც შეეხო.

საბოლოოდ დეპუტატი ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა.

შსს-ში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი