ახალი ამბები

შეხვედრას არ ვმართავთ იმიტომ, რომ პატივს ვცემთ გახარიას – კაპანაძის განმარტება სხდომამდე

6 სექტემბერი, 2019 • 657
შეხვედრას არ ვმართავთ იმიტომ, რომ პატივს ვცემთ გახარიას – კაპანაძის განმარტება სხდომამდე

საქართველოს პარლამენტში “ევროპული საქართველოს” ფრაქციების სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატები პრემიერობის კანდიდატს, გიორგი გახარიას, შეკითხვებით მიმართავენ.

პარტიის წევრმა, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ, სხდომის დაწყებამდე ახსნა, რატომ მართავს პარტია დღეს აღნიშნულ შეხვედრას. მისი თქმით, ეს ხდება არა იმიტომ, რომ გიორგი გახარიას “პატივს სცემენ”, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებაში დაგროვილი კითხვები დაისვას. მან პრემიერობის კანდიდატს ჯალათი უწოდა.

“საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გახარიას გუნდთან მათ ვითომ პროგრამაზე საუბარს.  მით უმეტეს, რომ ეს არ არის სერიოზული პროგრამა. ერთ დღეში დაწერილი რაღაც დოკუმენტია, რომელიც პოლიტიკური ვითარების გამო იქნა წარმოდგენილი. პოლიტიკური ვითარება კი არის ის, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა, საზოგადოება გამოიწვიოს იმ შინაგან საქმეთა მინისტრის დაწინაურებით, რომელიც არის პასუხისმგებელი ახალგაზრდების თვალის დათხრაზე, გავრილოვის ღამეზე, 20 ივნისის ღამეზე. შესაბამისად, მთავრობის პროგრამის განხილვა არის უბრალოდ არასერიოზული.

პირდაპირ მინდა, საზოგადოებას განვუცხადო, რომ ჩვენ ამ შეხვედრას არ ვაკეთებთ იმიტომ, რომ პატივს ვცემთ ბატონ გახარიას, ან პროფესიონალურად ან ადამიანურად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან თავის თავი გამოავლინა და რაც გააკეთა როგორც ჯალათმა 20 ივნისს. ამ შეხვედრას ჩვენ ვატარებთ იმიტომ, რომ პატივს ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც 80 დღის განმავლობაში აპროტესტებენ იმას, რაც მოხდა 20 ივნისს და გააჩნიათ კონკრეტული კითხვები. ამ შეხვედრას ჩვენ ვატარებ იმის გამო, რომ ეს კითხვები დაგროვდა საზოგადოებაში, მათ შორის იმ ადამიანებში, რომლებიც შეიძლება ფიზიკურად რუსთაველზე არ დგანან. ჩვენ ვართ, როგორც პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ოპოზიცია, ვალდებულნი რომ დავსვათ ეს შეკითხვები პარლამენტის ფარგლებში”, – აღნიშნა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი