ახალი ამბები

მთავარია დანაშაული აღკვეთო, დაკავება აუცილებელი არაა — გომელაური მაჩალიკაშვილზე

5 სექტემბერი, 2019 •
მთავარია დანაშაული აღკვეთო, დაკავება აუცილებელი არაა — გომელაური მაჩალიკაშვილზე

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური მალხაზ მაჩალიკაშვილის შესახებ კითხვის პასუხად აცხადებს, რომ „არ არის აუცილებელი ადამიანი დააკავო, მთავარია დანაშაული აღკვეთო“.

ვახტანგ გომელაური, რომელიც აქამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, 5 სექტემბერს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე წარდგა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი. მას დამოუკიდებელმა პარლამენტარმა ლევან გოგიჩაიშვილმა მალხაზ მაჩალიკაშვილის ბრალდების შესახებ კითხვა ასეთი ფორმულირებით დაუსვა:

„რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ტელევიზიით ჩანაწერები და მერე პრემიერმა დაიწყო და გააგრძელეს უმრავლესობის წევრებმა ლეგიტიმურად, რომ ტერორისტულ საფრთხეს აარიდეთ და გადაარჩინეთ ქვეყანა. აღიკვეთა ეს საფრთხე? თუ ტერორისტებს ვერ იჭერთ, ბატონო ვახტანგ? არის კონკრეტული შედეგი იმ ჩანაწერების, რა მოხდა და როგორ მოხდა? მიმდინარეობს ამ მიმართულებით გამოძიება? ჩვენ ვიცით, რომ რეალურად აღკვეთილია და ტერორისტები განეიტრალებული არიან“?

პასუხად გომელაურმა განაცხადა: „მთლად ღიად ვერ ვისაუბრებ, ღია ეთერია და ბოდიშს მოგიხდით. მაგრამ არ არის აუცილებელი ადამიანი დააკავო, მთავარია დანაშაული აღკვეთო. ეს არ იყო… [ისინი] ასე ვთქვათ, გეგმავდნენ თემას. უკვე [მას შემდეგ, რაც] გასაჯაროვდა, ეს თემა გაჩერდა და აქედან გამომდინარე აღარ მოხდა ამ ადამიანის დაკავება და აღიკვეთა ეს დანაშაული. არაა აუცილებელი, მაინცდამაინც დაიჭირო და ყველა ციხეში ჩასვა“…

კომიტეტის სხდომის წამყვანმა ანრი ოხანაშვილმა კითხვის ავტორს, ლევან გოგიჩაიშვილს აღარ მისცა დამატებითი კითხვის დასმის საშუალება.


7 მაისს სუს-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მოსახლეობისთვის „ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში გამოავლინა“, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა „ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით“ რამდენიმე პირის, მათ შორის სუს-ის მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის, მკვლელობა.

ამ თემაზე ვრცლად:

5 შეკითხვა, რომელიც მაჩალიკაშვილზე სუს-ის ბრიფინგმა გააჩინა

მასალების გადაბეჭდვის წესი