ახალი ამბები

ავთანდილ წერეთლის სარჩელი სააპელაციომ წარმოებაში არ მიიღო – ადვოკატი

5 სექტემბერი, 2019 • 803
ავთანდილ წერეთლის სარჩელი სააპელაციომ წარმოებაში არ მიიღო – ადვოკატი

ადვოკატ კახა წერეთლის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ ავთანდილ წერეთლის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. მისივე თქმით, შეფარდებული გირაოს თანხით ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფისთვის ათი დღე აქვთ.

“სასამართლოს მიერ პროკურატურის მოთხოვნის სრულად გაზიარების ტენდენცია სააპელაციო სასამართლოშიც გაგრძელდა. სიმართლე გითხრათ, წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას არ ველოდით, რადგან ის არგუმენტები, რაც საჩივარში მოვიყვანეთ, ის სულ მცირე განხილვის ღირსი იყო”,-ამბობს ადვოკატი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „TV პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამას, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს 500 000 ლარიანი გირაო 27 აგვისტოს შეუფარდა.

ამგვარად, სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომელიც წერეთელს 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის დახმარებას ედავება (სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით).

როგოც ავთანდილ წერეთელმა ჟურნალისტებს უთხრა, ტელევიზიას (TV პირველს) ვერ წაართმევენ: “იმ მთავრობამ ქონება და ფული წამართვა, მაგრამ ტვ “პირველს” ვერავინ წამართმევს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი