ახალი ამბები

პროცესი დაამსგავსეს თეატრს – ჯანეზაშვილი მოსამართლეთა შერჩევაზე

4 სექტემბერი, 2019 • 1737
პროცესი დაამსგავსეს თეატრს – ჯანეზაშვილი მოსამართლეთა შერჩევაზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი წინასწარ დაგეგმილ პროცესად აფასებს 4 სექტემბრის სხდომაზე მოსამართლეობის იმ კანდიდატთა შერჩევას, რომლებიც პარლამენტს უნდა წარუდგინონ განსახილველად.

ჯანეზაშვილი კონკრეტულ გვარებს ასახელებს, რომელთა სიაში ყოფნაც მისთვის გაუგებარია. მისივე თქმით, საბჭომ არ შეარჩია ის კანდიდატები, რომელთაც გასაუბრებებზე გაცილებით უკეთ წარმოაჩინეს თავი და მაღალი კვალიფიკაციითაც გამოირჩეოდნენ.

“სიაში მოხვდნენ ძალიან კონტრასტული ადამიანები. ჩემთვის გაუგებარია, მაგალითად, რა კრიტერიუმებით მოხვდა სიაში ვლადიმერ კაკაბაძე. ვფიქრობ, გასაუბრებებზე იგი იქცეოდა სრულიად არასერიოზულად, მოსამართლისთვის შეუფერებლად და სამარცხვინოდ. ასევე, მირანდა ერემაძე: მე არ ვფიქრობ, რომ იგი იმსახურებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად წარდგენას, რადგან დიდი კვალიფიკაციით არ გამოირჩეოდა გასაუბრების დროსაც. ასეთები ბევრია.

კონტრასტულში ვგულისხმობ იმას, რომ ამ სიაში მოხვედრილი რამდენიმე ადამიანი, სავარაუდოდ, [პარლამენტში] ჩავარდება, რაც მათ წინასწარ იციან. ყველაფერი ეს იქნება ერთგვარი სპექტაკლის ნაწილი: ვიღაცები გავლენ და დაინიშნებიან თანამდებობებზე, ვიღაცები – ვერ. ეს ხალხი, ჩემი აზრით, ძალიან განსხვავდებოდა უფრო კვალიფიციური, გამოცდილი ადამიანებისგან, რომლებიც გასაუბრებაზე გამოვიდნენ. გაუგებარია, რა ნიშნით მოიპოვეს მათ ამგვარი მხარდაჭერა.

გარდა ამისა, ძალიან უცნაურია, რომ ადამიანებმა, რომელთაც პირველ კენჭისყრაზე მიიღეს 7 ხმა, საბოლოო კენჭისყრით მიიღეს 10 ან 11 ხმა. თითქოს საბჭოს წევრებს უცებ გაუნათდათ გონება.

ყველაფერი არის წინასწარ დაგეგმილი და სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროცესი დაამსგავსეს თეატრს”, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

მისივე თქმით, თავიდანვე ცხადი იყო, რომ სიაში მოხვდებოდნენ გიორგი მიქაუტაძე და სხვები – მოსამართლეები, რომლებსაც თავად ჯანეზაშვილი, ასევე საბჭოს წევრი ანა დოლიძე, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების ნაწილი  “კლანად” მოიხსენიებენ.

ჯანეზაშვილის განცხადებით, პარლამენტს საკუთარ, ალტერნატიულ ხედვასაც წარუდგენს, თუმცა არ ელის, რომ ეს რაიმე შედეგს გამოიღებს:

“ვაპირებ, პარლამენტს წარვუდგინო განსხვავებული აზრი[წერილობით] ამ საკითხთან დაკავშირებით. არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩემს აზრს გაითვალისწინებენ, თუმცა იმისათვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა პროცესია, რა განსხვავებული მოსაზრებებია საბჭოში, მხოლოდ ამ მიზნით წარვადგენ ჩემს შეხედულებას. სხვა შედეგი რომ არ მოჰყვება ამას, ეს წინასწარ ვიცი”.

ჯანეზაშვილისა და სხვების კრიტიკა უსაფუძვლოდ მიაჩნია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს, დიმიტრი გვრიტიშვილს, რომელიც სხდომებს თავმჯდომარეობდა. მისი შეფასებით, პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა, იყო გამჭვირვალე და კანონმდებლობის შესაბამისი.

“ვფიქრობ, შერჩეული კანდიდატები თავიანთი კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით სრულად შეესაბამებიან იმ მაღალ სტატუსს, რომელსაც წარმოადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა.

ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ კანდიდატები არიან ღირსეულნი თავიანთი დამსახურებით, მათ პარლამენტისგან სათანადო მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ.

ჩვენ გავიარეთ საკმაოდ რთული, მრავალეტაპიანი დ აბსოლუტურად გამჭვირვალე, უპრეცედენტო პროცედურა, რომელიც კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შედეგად შეიქმნა. ეს არის უპრეცედენტო პროცედურა, შესაბამისი საჯაროობით. ყველა კანდიდატის შესახებ ინფორმაცია იყო საჯარო, გასაუბრება კი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ამიტომ ყველას შეეძლო, შეეფასებინა როგორც კანდიდატების კვალიფიკაცია, ისე მათი კეთილსინდისიერება”, – აღნიშნავს ის.

საკითხის გარშემო არსებულ პროტესტს გვრიტიშვილი “ტენდენციურ სუბიექტებს” მიაწერს:

“…პროტესტი, რა თქმა უნდა, ექნება ზოგიერთ დაინტერესებულ, ტენდენციურ სუბიექტს, რომელიც არაერთგზის გამოირჩეოდა წარსულის განმავლობაში არაობიექტური შეფასებებით, რაღაც გაყალბებული კვლევების წარმოდგენებით”, – თქვა მან.


დღეს, 4 სექტემბერს, ცნობილი გახდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საბოლოო სია, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსახვილველად პარლამენტს გაუგზავნის. საბოლოო სიაში მოხვდნენ მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე, მისი მოადგილე მამუკა ვასაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და ა.შ. სულ 20 კანდიდატია.

თადუმაძე, მიქაუტაძე და სხვები – უზენაესის მოსამართლეობის საბოლოო კანდიდატების სია

მასალების გადაბეჭდვის წესი