ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა – რა ელოდება ეკონომიკას

4 სექტემბერი, 2019 • 2554
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა – რა ელოდება ეკონომიკას

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი დღეს, 4 სექტემბერს 7%-მდე გაზარდა, რაც ნიშნავს, რომ 100 ათასამდე ადამიანს სესხი გაუძვირდება. რატომ გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი და რას შეიძლება ველოდოთ?

“საზოგადოება და ბანკების” წარმომადგენელი გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა მოსალოდნელი იყო, რადგან ლარის გაუფასურება დიდი წნეხია ინფლაციაზე. 

როგორც კეპულაძემ ნეტგაზეთს უთხრა, საპროცენტო განაკვეთის ზრდას ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შემცირება მოჰყვება, შედეგად, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა შენელდება.

საპროცენტო განაკეთის ზრდით ეროვნული ბანკი ბაზარზე ფულის მიწოდებას ამცირებს. როცა ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთი იწევს, ადამიანები ცდილობენ ნაკლებად აიღონ სესხი, საწარმოები ამცირებენ საინვესტიციო პროექტებს და ზოგადად, ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა ნელდება. 

“რეფინანსირების განაკვეთი  განსაზღვრავს საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთს ბანკებისთვის. ლარში სესხების დიდი ნაწილი ამ განაკვეთზეა მიბმული და მისი ზრდა იწვევს სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდას.

როდესაც საბანკო რეგულაციები შევიდა ძალაში, რომელიც ეროვნული ბანკის პროგნოზითაც შეამცირებდა ეკონომიკურ ზრდას, სები მოერიდა დამატებით ზრდის შემცირებას და არ გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა, რამაც ინფლაციის მცირედით ზრდა გამოიწვია.

ახლა დავდექით ფაქტის წინაშე, როცა ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია, მეორე მხრივ, ლარი გაუფასურდა არა მხოლოდ დოლართან, არამედ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან [ეფექტური გაცვლითი კურსი]. ეს მიანიშნებდა იმაზე, რომ ეროვნულ ბანკს გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაედგა. ამას მოჰყვება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შემცირება, თუმცა შეამსუბუქებს წნეხს ინფლაციასა და გაცვლით კურსზე. სწორედ ამიტომ გადაიდგა ეს ნაბიჯი. განაკვეთის ზრდა ეკონომიკაში ფულის მიწოდებას შეამცირებს”, – აცხადებს კეპულაძე.

“საზოგადოება და ბანკების” ინფორმაციით, პირველი აგვისტოს მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულია დაახლოებით 98 ათასი სესხი, შესაბამისად, ამ რაოდენობის მომხმარებელს სესხი გაუძვირდა. მათი უმეტესობა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხია.

ეკონომისტი აკაკი ცომაია ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას ბუნებრივს უწოდებს, რადგან განაკვეთის გაზრდით ცენტრალურმა ბანკმა ფასების სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს, რომელსაც მიმდინარე გაზრდილი ინფლაციის პირობებში საფრთხე დაემუქრა.

“ქვეყანაში სახეზეა ინფლაციური პროცესები. აქედან გამომდინარე, სებ-მა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა, რათა ფასების დონე დაიჭიროს. ეს გადაწყვეტილება ბაზარზე ფულის მასის შემცირებას გამოიწვევს, რაც კურსისთვის პოზიტიური ფაქტორი იქნება, თუმცა ლარის კურსის ჩამოყალიბებაზე სხვა ფაქტორებიც ახდენს გავლენას. შესაბამისად, რა გადაწონის, საერთო ჯამში, ეს რთული სათქმელია. ანუ განაკვეთის ზრდა ნიშნავს იმას, რომ ვისაც სესხი აქვს ლარში, მათ სესხი უძვირდებათ. სესხის გაძვირება იწვევს ნაკლებ დანახარჯებს ბაზარზე, რითაც მოხმარება შემცირდება. ეს შეამცირებს ეკონომიკასაც. როგორც წესი, დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგს ეკონომიკურ ზრდაზე, სავარაუდოდ, მომდევნო კვარტალში ვნახავთ”, – ამბობს ცომაია.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7%-მდე გაზარდა და ამის მიზეზად ინფლაცია დაასახელა. სებ-ში განმარტავენ, რომ ლარის გაუფასურება ქვეყანაში ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს. ცენტრალური ბანკში მზად არიან, ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის შესუსტებამდე საპროცენტო განაკვეთის ზრდა გააგრძელონ:

“აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 4.9 პროცენტი შეადგინა. მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ერთჯერადი ფაქტორები, მაგალითად, სიგარეტზე აქციზის გადასახადის ზრდა (წვლილი – 0.8 პროცენტული პუნქტი), კვლავ რჩება წლიური ინფლაციის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნების ერთ-ერთ მიზეზად. ამავე დროს, ბოლო პერიოდში გაიზარდა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გავლენა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი