„შევიკრიბებით და აღარ დავიშლებით“ — პატრიოტთა ალიანსი“ 15 სექტემბრიდან აქციებს აანონსებს

„პატრიოტთა ალიანსი“ 15 სექტემბრიდან უწყვეტ აქციებს აანონსებს.

3 სექტემბერს პარტიის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები, ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი ამომრჩეველს მოუწოდებენ, ჯერ 8 სექტემბერს, 16:00 საათზე შეიკრიბონ „სპორტის სასახლეში“, ხოლო 15 სექტებმერს იმავე დროს, „რესპუბლიკის მოედანზე“.

„15 სექტემბერს, კვირა დღეს, დღის 4 საათზე, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და აღარ დავიშლებით“, — ამბობს დავით თარხან მოურავი ვიდეომიმართვაში. მანამდე ის და ირმა ინაშვილი საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებზე და ამბობენ, რომ „სააკაშვილ-ბოკერიები დღეს რევოლუციას აპირებენ“.

„მათ განაახლეს „კმარა“, განაახლეს „თავისუფლების ინსტიტუტი“, — ამბობს დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი კი აცხადებს: „მსოფლიო ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დიდი სახელმწიფოები მიდიან მესამე მსოფლიო ომისკენ. სააკაშვილებს და ბოკერიებს ამაში ჩვენი ჩართვა სურთ, რასაც მოჰყვება საქართველოს სრული დაშლა. ჩვენ არ გვინდა ომი. ჩვენ გვინდა მშვიდობა. ჩვენ ვითხოვთ, დაისაჯონ სააკაშვილები და ბოკერიები“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com