ახალი ამბები

სსრკ-ის დაშლა იყო ჰუმანიტარული კატასტროფა მოსახლეობისთვის, რადგან საბაზრო ეკონომიკაზე სწრაფად გადასვლას ხალხმა ფეხი ვერ აუწყო – ნაცვლიშვილი

4 სექტემბერი, 2019 • 3849
სსრკ-ის დაშლა იყო ჰუმანიტარული კატასტროფა მოსახლეობისთვის, რადგან საბაზრო ეკონომიკაზე სწრაფად გადასვლას ხალხმა ფეხი ვერ აუწყო – ნაცვლიშვილი

შენიშვნა: ნიუსის თავდაპირველი სათაური იყო “საბჭოთა კავშირის დაშლა იყო ჰუმანიტარული კატასტროფა – ნაცვლიშვილი”. სათაური დაზუსტდა კონტექსტის უკეთ აღსაქმელად.

პარლამენტარი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო “ჰუმანიტარული კატასტროფა, რადგან საბაზრო ეკონომიკაზე სწრაფად გადასვლას ხალხმა ფეხი სწრაფად ვერ აუწყო”. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა დღეს, 4 სექტემბერს, პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატ დავით ზალკალიანისთვის კითხვის დასმისას ისაუბრა.

ბექა ნაცვლიშვილი ზალკალიანს ეკითხებოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში ლეგალური დასაქმების საშუალების შექმნაზე, რაც, დეპუტატის აზრით, ქართული ეკონომიკისთვის დამაზიანებელია. ასევე, მან ზალკალიანს ჰკითხა, რამდენად იყო მზად მთავრობა ევროკავშირთან უფრო მასშტაბური თანამშრომლობისთვის:

“საბჭოთა კავშირი როდესაც დაინგრა, ჩემი გადმოსახედიდან ეს იყო ჰუმანიტარული კატასტროფა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის იმიტომ, რომ დაგეგმვითი ეკონომიკიდან ძალიან სწრაფად გადავედით საბაზრო ეკონომიკაზე და, რა თქმა უნდა, ადამიანებმა ამას ფეხი ვერ აუწყვეს. შესაბამისად, ჩვენ (რიგი ქვეყნებისა) ვიმყოფებით იგივე ტრაგიკულ და კატასტროფულ მდგომარეობაში, როგორშიც 30 წლის წინ. რაც არ უნდა ერთმანეთს ვატყუოთ, რომ შუშის შენობები გვაქვს და ა.შ. ვიცით, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენი მოქალაქეებისთვის არის მძიმე.

თუ გახსოვთ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკის ხელისუფლებამ ევროპაში გადაწყვიტა მარშალის გეგმის განხორციელება, რაც გულისხმობდა იმას, რომ ეს იყო ერთგვარი შეკავების პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. საბჭოთა კავშირი თავისი ტენდენციით ვითარდებოდა, ევროპა დანგრეული იყო თითქმის, იზრდებოდა საბჭოთა კავშირის მიმართ სიმპათიები. ამერიკამ გადაწყვიტა ეს შეეჩერებინა და ევროპა ფეხზე დაეყენებინა. დაახლოებით რუსეთის შეკავების თვალსაზრისით, უპრიანი იქნებოდა, იმავე ევროკავშირს განეხორციელებინა აღმოსავლეთ ევროპაში და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში). თუ ასეთი გეგმა განხორციელდება, რამდენად არის მთავრობა ამისთვის მზად, რადგან ამას სჭირდება ძალიან პასუხისმგებლიანი და ქმედითი მთავრობა. რამდენად გაქვთ თქვენ ასეთ ნაბიჯებზე კომუნიკაცია, რომელიც უფრო კომპლექსური იქნება და არა ის საგზაო რუკა, რომელზეც ევროპელ პარტნიორებთან ისაუბრეთ”, – თქვა ბექა ნაცვლიშვილმა.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებს, სადაც გიორგი გახარიას კაბინეტის მომავალი წევრების მოსმენა მიმდინარეობს, ოპოზიციურმა პარტიებმა – “ევროპულმა საქართველომ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” – ბოიკოტი გამოუცხადეს და, შესაბამისად, არ ესწრებოდნენ.

ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა, სოციალ-დემოკრატიული პარტია და ფრაქცია 2019 წლის თებერვალში დატოვა და პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩა. ნაცვლიშვილის თქმით, ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ უმრავლესობამ ნაცვლიშვილის კანონპროექტს დაგროვებითი პენსიის შესახებ მხარი არ დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი