ახალი ამბები

მოსკოვში გორბაჩოვს დაემშვიდობნენ — ფოტოები

3 სექტემბერი, 2022 • 1720
მოსკოვში გორბაჩოვს დაემშვიდობნენ — ფოტოები

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დღეს, 3 სექტემბერს გაიმართა მიხეილ გორბაჩოვთან დამშვიდობებისა და მისი დასაფლავების ცერემონია.

მიხეილ გორბაჩოვი რამდენიმე დღის წინ, 91 წლის ასაკში მოკვდა.

გორბაჩოვი იყო საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მმართველი, რომლის დროსაც დასრულდა „ცივი ომი“ საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის, ასევე, მისი მმართველობის დროს დაიშალა საბჭოთა კავშირი.

მიხეილ გორბაჩოვს 1990 წელს გადასცეს ნობელის პრიზი მშვიდობის დარგში „მისი წამყვანი როლისთვის, რამაც აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის ურთიერთობების რადიკალური ცვლილებები გამოიწვია“.

მიხეილ გორბაჩოვის ისტორიულ ღვაწლს არაერთი ანალიტიკოსი და დასავლელი ლიდერი დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით არ არსებობს შეთანხმებული აზრი იმ არაერთი სისხლიანი მოვლენების გამო, რომელიც 1980-იანი წლების მიწურულსა და 1990-იანი წლების დასაწყისში მოხდა სწორედ გორბაჩოვის მმართველობისას, ძირითადად, მისი უშუალო ბრძანებით.

ასეთ მოვლენებს შორისაა სისხლიანი 9 აპრილი თბილისში, რა დროსაც საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე 21 ადამიანი მოკლეს თბილისში, გაუშვეს მომწამლავი გაზი, ფიზიკურად იძალადეს მომიტინგეებზე, რის შედეგადაც ასეულობით ადამიანი დაშავდა.

„შავი იანვრის“ სახელით არის ცნობილი ასევე დამოუკიდებლობის მომხრე მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლიანი დარბევა აზერბაიჯანში, რა დროსაც საბჭოთა არმიამ ბაქოში 147 ადამიანი იმსხვერპლა. ამ მოვლენების დროს დაშავდა 800-მდე პირი.

მთავარ ფოტოზე: ნობელიანტი რუსი ჟურნალისტი, ამჟამად დახურული „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი დმიტრი მურატოვი.

იხილეთ „ევროპის პრესფოტოსააგენტოს“ ფოტორეპორტაჟი მოსკოვიდან:

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ემშვიდობება გორბაჩოვს. EPA

უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი. EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი