საზოგადოება

მოიმატა მათმა რაოდენობამ, ვინც ფიქრობს, რომ სსრკ-ს დროს ქართული კულტურა უკეთ იყო დაცული – კვლევა

8 მაისი, 2023 • 7537
მოიმატა მათმა რაოდენობამ, ვინც ფიქრობს, რომ სსრკ-ს დროს ქართული კულტურა უკეთ იყო დაცული – კვლევა

„ზინქ ნეთვორქის“ და „CRRC საქართველოს“ კვლევის თანახმად, 2021 წლის ნოემბერთან შედარებით, 2023 წლის იანვარში იმატა მოქალაქეთა წილმა, ვინც მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დროს „ქართული კულტურა და ფასეულობები უკეთ იყო დაცული“.

კერძოდ, თუ 2021-ის ნოემბერში ამ მოსაზრებას ეთანხმებოდა 31%, 2023-ის იანვარში დაეთანხმა 43%.

აგრეთვე, ამავე პერიოდში შემცირდა იმ მოქალაქეთა წილი, ვინც ამბობს, რომ სსრკ-ს დროს ქართული კულტურა და ფასეულობები დათრგუნული იყო – 54%-დან 34%-მდე.

რაც შეეხება დამოკიდებულებას იოსებ სტალინისადმი, შემცირდა იმ მოსახლეობის წილი, ვინც ფიქრობს რომ ქართველებმა სტალინით უნდა იამაყონ.

თუ 2021-ის ნოემბერში, ჯამში, 45% იზიარებდა მოსაზრებას, რომ „პატრიოტი ქართველი უნდა ამაყობდეს, რომ სტალინი ქართველი იყო“, ახლა იზიარებს, ჯამში, 37%. ფაქტობრივად იგივე დარჩა ამ დებულების მოწინააღმდეგეთა წილი.

კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. Zinc Network, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანიც საზოგადოებაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ მდგრადობის გაზრდა და საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესებაა. კვლევის ფარგლებში, ჩატარდა 2,757 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარია: +/- 2.4%.

დამატებით, CRRC საქართველომ 2023 წლის 10-14 მარტს განახორციელა სატელეფონო გამოკითხვა 1,048 რესპონდენტთან მთელი საქართველოს მასშტაბით ქართულ ენაზე, კვლევის ამ ნაწილში ცდომილების საშუალო ზღვარია 2.6%.

Zinc Network-ის განცხადებით, გამოკითხვების შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი