ახალი ამბები

“ევროპულმა საქართველომ” სტვენის შემდეგ პარლამენტის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

3 სექტემბერი, 2019 • 1135
“ევროპულმა საქართველომ” სტვენის შემდეგ პარლამენტის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ “ევროპული საქართველოს” წევრების მიერ სტვენით გამოხატული პროტესტის შემდეგ მანდატურის სამსახურს მოუწოდა, უზრუნველეყოთ პარლამენტის სხდომის გაგრძელება. თალაკვაძემ ამისთვის ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, რა დროსაც “ევროპული საქართველოს” წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე, როგორც კი სახელმწიფო ჰიმნი დასრულდა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ სასტვენით სცადა პროტესტის გამოხატვა. არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ არ დაუშვებს, ვინმემ ხელი შეუშალოს პარლამენტის საქმიანობას.

დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას მოსმენა. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია სწორედ გახარიას პრემიერად წარდგენას აპროტესტებენ.

აქცია “სირცხვილიას” მონაწილეები და ოპოზიციის ნაწილი უკვე 2 თვეზე მეტია, მართავენ აქციებს შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. როგორც აქტივისტები ამბობენ, 20-21 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ უნდა გადამდგარიყო გიორგი გახარია და მისი პრემიერის პოსტზე წარდგენა არის სწორედ ამ პროტესტის და ხალხის დაცინვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი