სამთავისის კომპლექსში უნებართვო სამუშაოები მიმდინარეობს – სააგენტო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, სამთავისის ეზოში სასულიერო პირები  სავალი გზის მონაკვეთს აკეთებენ, რაც ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებებთან შეუთავსებელია.

სააგენტოს ცნობითვე, უნებართვო სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით ადგილობრივ ეპარქიას მიმართეს, მომხდარი ასევე აცხნობეს საპატრიარქოსაც.

“კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამთავისის კომპლექსში უნებართვო სამუშაოები დაფიქსირდა. საპროექტო დოკუმენტაციის სახელმწიფო უწყების საბჭოსთან შეუთანხმებლად ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით კომპლექსის ეზოში სავალი გზის მონაკვეთი ეწყობა.

ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტებთან ერთად სამთავისში სააგენტოს კვლევის სამსახურის თანამშრომლებიც იმყოფებიან, რომელთა წინასწარი შეფასებით ახლად მოწყობილი ინფრასტრუქტურული ელემენტი ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებებთან შეუთავსებელია და კორექტირებას საჭიროებს. საფეხმავლო ბილიკი ნიჩბისის ქვის ტრადიციული ქართული წყობითაა დაგებული.
უნებართვო სამუშაოების დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოთხოვნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ ეპარქიას წერილობით გაფრთხილებას დღესვე გაუგზავნის. ახლად გამოვლენილი ფაქტის შესახებ ეცნობება საქართველოს საპატრიარქოსაც.

წარმოებული უნებართვო პროცესის შედეგების გამოსასწორებლად სააგენტო ეპარქიას 6 თვის ვადაში სათანადო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და მის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთან შეთანხმებას მოსთხოვს,”-წერია სააგენტოს განცხადებაში.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.