შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები საზღვარგარეთ არ საუბრობენ- ზურაბიშვილი ბახტაძის გადადგომაზე

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება, აცხადებს, რომ საზღვარგარეთ ყოფნისას პრემიერ-მინისტრ ბახტაძის გადადგომის შეფასება არაკორექტული იქნება. აღნიშნულის შესახებ ის ქართულ მედიას ესაუბრა.

“გადადგომას არ აფასებენ, ეს არის მისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ახალი პრემიერის დანიშვნას, მე მგონი, უნდა დაველოდოთ და მე პირადად დაველოდები, ჩავალ თბილისში. საერთოდ, მე ვთვლი, რომ შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები არ აკეთებენ განცხადებებს საზღვარგარეთ, იმიტომ, რომ ეს არის შიდაპოლიტიკური. უნდა ჩავიდე, გავიგო, რა ვითარება არის. არაკორექტული იქნება, აქედან რომ შევაფასო პრემიერის ქმედებები და მისი მოღვაწეობა, რომელიც უნდა შეაფასოს ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ და პოლიტიკურმა პარტიებმა”, – თქვა მან.

მამუკა ბახტაძე პოსტს ტოვებს. სავარაუდოდ, 3 სექტემბერს დაზუსტდება პრემიერობის კანდიდატის ვინაობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან