“თიბისი ბანკის” დამფუძნებლები, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე აცხადებენ, რომ პროკურატურამ მათ საქმეზე სასაუბროდ დიპლომატები დახურულ შეხვედრაზე მიიწვია. როგორც ხაზარაძე და ჯაფარიძე დღეს, 2 სექტემბერს, გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავენ, პროკურატურა გეგმავს, დიპლომატებს 6 სექტემბერს გააცნოს თავისივე დაქირავებული ორი უცხოელი ექსპერტის მოსაზრებები თუ დასკვნა მათ საქმეზე.
“გვსურს შევახსენოთ პროკურატურას, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში დადგენილი წესის თანახმად, ერთადერთი ლეგიტიმური სივრცე, სადაც ბრალდების ორგანომ – პროკურატურამ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცოს პირის დამნაშავეობა, არის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო პროცესი.
აღნიშნული დახურული შეხვედრა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ცივილიზებულ სამყაროში დადგენილი პრინციპების უხეშ უპატივცემულობას. ჩვენთვის გაუგებარია, რას შეიძლება ემსახურებოდეს დახურულ კარს მიღმა მხოლოდ ერთი მხარის მიერ ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე (რომელზეც ჯერ სასამართლო განხილვა არც კი დაწყებულა) გარდა იმისა, რომ სასამართლო პროცესამდე გაგვასამართლონ და გამოგვაცხადონ დამნაშავეებად.
ამგვარი შეხვედრით პროკურატურა ღიად ცდილობს ამ პოლიტიზებულ საქმეზე, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი, გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა გადაიტანოს დიპლომატიურ კორპუსზე. ეს მცდელობა აჩვენებს, რომ პროკურატურა გასულია სამართლებრივი ჩარჩოდან და ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისს განიცდის ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით”, – აცხადებენ ხაზარაძე და ჯაფარიძე.
მათივე შეფასებით, როდესაც მმართველი პარტიის წევრები მათ წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების დეტალებზე საჯაროდ, “გაყალბებულად და დამახინჯებულად” საუბრობენ, ამით ცდილობენ, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე შექმნან საზოგადოებრივი აზრი.
“ჩვენ მოვითხოვთ საქმის გამჭვირვალედ წარმართვას, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული ყველა სტანდარტის დაცვით. თუ ხელისუფლებას აქვს სურვილი, აღნიშნულ საქმეზე ჩართოს საერთაშორისო ექსპერტები, მივიჩნევთ, რომ ეს ექსპერტები უნდა იყვნენ არა პროკურატურის მიერ დაქირავებული იურისტები, მათი კვალიფიკაციის მიუხედავად, არამედ მისგან დამოუკიდებელი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე იურისტები, რომლებსაც მიეწოდებათ საქმის შესახებ სრული და ყოველმხრივ ინფორმაცია და ექნებათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ აზრი მიმდინარე საქმეზე”, – ნათქვამია ხაზარაძე-ჯაფარიძის 2 სექტემბრის განცხადებაში.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით).
საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა. სწორედ მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობდა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელიც პორტს აშენებს.