ახალი ამბები

გახარიამ დიდი როლი ითამაშა საქართველოს გადარჩენაში, როცა პარლამენტის აღების გეგმა არსებობდა – გაჩეჩილაძე

1 სექტემბერი, 2019 • 1483
გახარიამ დიდი როლი ითამაშა საქართველოს გადარჩენაში, როცა პარლამენტის აღების გეგმა არსებობდა – გაჩეჩილაძე

საპარლამენტო ფრაქცია”ქართული ოცნება-მწვანეების” ლიდერის, გია გაჩეჩილაძის თქმით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას კანდიდატურა მისთვის მისაღებია. ამის მიზეზად ის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ასახელებს.

“გახარია მისაღებია, იმიტომ, რომ მან ძალიან სერიოზული როლი ითამაშა საქართველოს უსაფრთხოებასა და გადარჩენაში, როცა პარლამენტის აღების გეგმა არსებობდა”,- განაცხადა მან “ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა უნდა დაიწყოს.

გაჩეჩილაძე აღნიშნულ მოვლენებს “რუსული სპეც. სამსახურების დაგეგმილ სცენარს” უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს სწორედ გიორგი გახარიას დამსახურებით ვერ განხორციელდა.

“რაც მოხდა 20-სა და 21-ში საქართველოს პარლამენტის წინ, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. იყო მცდელობა პირველი სახელმწიფო უწყების ხელში აღებისა. წინასწარ იყო დაშვებული საშვები ვიღაც უცხო ხალხის შემოყვანისა. ეს იყო რუსული სპეც. სამსახურების მიერ დაგეგმილი სცენარი, რომელიც ჩაფლავდა. ამაში დიდი როლი ითამაშა გახარიამ”,- აღნიშნავს ის.

ჟურნალისტის კითხვაზე -“მის გადადგომას რომ ამდენი ხანია, ითხოვს ხალხი?” -გაჩეჩილაძე პასუხობს:

“ხალხი? ვის გულისხმობთ?”

“ასე მეც შემიძლია, პერმანენტული აქცია მოვაწყო, “მწვანეთა პარტიის” აქტივი გამოვიყვანო, დავდგე თქვენ ოფისთან, აჭარის ტელევიზიის, მაგალითად და მოვითხოვო თქვენი გადადგომა”, – უთხრა დეპუტატმა ჟურნალისტს.

გია გაჩეჩილაძის თქმით,”ყველაფერი მოსალოდნელია”, თუმცა უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე სამთავრობო ცვლილებების შესაძლო განხილვაზე ინფორმაცია არ აქვს.

ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ (IPN) წერს, რომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, ამ პოსტზე კი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ძველი სახე, ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.

„ნეტგაზეთს“ მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მსგავს ინფორმაციას ვერ დაგვიდასტურებენ. IPN-ი წერს, რომ ინფორმაციას ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

IPN: ბახტაძეს გახარია შეცვლის, ღარიბაშვილი შს მინისტრად ბრუნდება | მთავრობა: არ ვადასტურებთ

მასალების გადაბეჭდვის წესი