ახალი ამბები

IPN: ბახტაძეს გახარია შეცვლის, ღარიბაშვილი შს მინისტრად ბრუნდება | მთავრობა: არ ვადასტურებთ

31 აგვისტო, 2019 • 2261
IPN: ბახტაძეს გახარია შეცვლის, ღარიბაშვილი შს მინისტრად ბრუნდება | მთავრობა: არ ვადასტურებთ

ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ (IPN) წერს, რომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, ამ პოსტზე კი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ძველი სახე, ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.

„ნეტგაზეთს“ მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მსგავს ინფორმაციას ვერ დაგვიდასტურებენ. IPN-ი წერს, რომ ინფორმაციას ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ ცვლილებებზე რამდენიმე კვირაა, სხვადასხვა მედია, მაგალითად ტვ პირველი და გამოცემა BMG, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. IPN-მა 31 აგვისტოს დაწერა, რომ მმართველმა გუნდმა საბოლოოდ მიიღო მთავრობაში საკადრო ცვლილებების გადაწყვეტილება და სავარაუდოდ შემდეგ კვირაში მმართველი გუნდი საჯაროდ გამოაცხადებს ცვლილებებს. მთავრობა ამ ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებს.

მამუკა ბახტაძე მხოლოდ ერთი წელიწადი და ორი თვეა, პრემიერ-მინისტრია. მანამდე ის ჯერ საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორად, შემდეგ კი  ფინანსთა მინისტრად მუშაობდა.

გიორგი გახარია, რომელიც 2013 წლიდან ბიზნესომბუდმენად, შემდეგ კი ეკონომიკის მინისტრად მუშაობდა, 2017 წლის ნოემბერში გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი. 2019 წლის ივნისში აქციის დარბევიდან დღემდე საზოგადოების ნაწილი ითხოვს მის გადადგომას. ის ამავე დროს ვიცე-პრემიერია და უშიშროების საბჭოს მდივანი. თუკი მთავრობის ხელმძრვანელის თანამდებობაზე დანიშნავენ, ის „ქართული ოცნების“ მთავრობაში რიგით მე-5 პრემიერ-მინისტრი იქნება. პრემიერის გადადგომა ნიშნავს, რომ მინისტრთა კაბინეტიც დაიშლება.

ირაკლი ღარიბაშვილს „ქართული ოცნების“ მთავრობაში მოსვლის შემდეგ დროებით ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი. 2013 წლის ბოლოს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მან შეცვალა პრემიერის პოსტზე, თუმცა დანიშვნიდან ორ წელიწადში მანაც დატოვა თანამდებობა. „ახლა ვაპირებ, რომ უბრალოდ დავისვენო“, — ასე განუმარტა მან ჟურნალისტებს გადადგომის მიზეზი 2015 წლის დეკემბერში; ის 2019 წლის მარტში დაბრუნდა „ქართულ ოცნებაში“ მმართველ პოზიციაზე, როგორც თვითონ ამბობდა, პარტიის „პირველი და ახალი თაობის ლიდერების შეკავშირებისა და გაძლიერების“ მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი