ახალი ამბები

ვენასა და ბერლინში რუსეთის საელჩოსთან ხანგოშვილის საქმეზე საპროტესტო აქციები გაიმართა

31 აგვისტო, 2019 • 1305
ვენასა და ბერლინში რუსეთის საელჩოსთან ხანგოშვილის საქმეზე საპროტესტო აქციები გაიმართა

30-31 აგვისტოს ვენასა და ბერლინში, რუსეთის საელჩოს წინ, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციები გამართეს გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით.

ვენაში გამართული აქციის ამსახველი ფოტოები თავად დემონსტრანტებმა გაავრცელეს. ფოტოებში ჩანს როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის, ასევე საქართველოს დროშები.

რაც შეეხება ბერლინს, — დემონსტრანტები, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები, აქაც რუსეთის საელჩოსთან მივიდნენ, გააპროტესტეს ხანგოშვილის მვკელობა, რომლის უკანაც ისინი რუსულ კვალს ხედავენ, — იუწყება „რადიო თავისუფლება“.

გერმანიის პოლიციას ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით 49 წლის ვადიმ სოკოლოვი ჰყავს დაკავებული. თუმცა, ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, აღმოჩნდა, რომ მსგავსი სახელითა და გვარით რუსეთის მოქალქეთა მონაცემთა ბაზაში არავინ იძებნება. ამასთან, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში სოკოლოვის მიერ ვიზის განაცხადზე მითითებული მისამართიც შემოწმდა, თუმცა გაირკვა, რომ პეტერგურგში მსგავსი მისამართი არ არსებობს.

რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი ზელიმხან ხანგოშვილი  23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. მკვლელმა ხანგოშვილს სამჯერ: ერთი ზურგში, ორი ტყვია კი თავში იმ დროს ესროლა, როცა ის მეჩეთში პარასკევის ლოცვაზე მიდიოდა. მოგვიანებით სამართალდამცავებმა მდინარეში, სავარაუდოდ, მკვლელობის იარაღი და ველოსიპედი იპოვეს.

ხანგოშვილის სახელი 2012 წლის 28–29 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციასაც უკავშირდება. ის მაშინ მოლაპარაკებებში იყო ჩართული.

2015 წელს ხანგოშვილი თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან დაჭრეს. ეს საქმე ჯერჯერობით გამოძიებული არ არის.

მოსკოვი აცხადებს, რომ კრემლს ან რუსეთის ხელისუფლებას არაფერი აქვს საერთო ხანგოშვილის მკვლელობასთან. „კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე კავშირს ოფიციალურ რუსეთსა და ამ ინციდენტს, მკვლელობას შორის“, — განაცხადა 28 აგვისტოს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

გერმანული მედიის ნაწილი წერს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა დასჯის მიზნით ჩადენილ ქმედებას ჰგავს და სავარაუდოდ, შეკვეთილია.

გაიგეთ დეტალები:

ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი გერმანიაში ყალბი პასპორტით ჩავიდა – ჟურნალისტური გამოძიება

მასალების გადაბეჭდვის წესი