ახალი ამბები

“ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტია, მხარს ვუჭერთ ჩორჩანაში პოსტის შენარჩუნებას” – ბაქრაძე

30 აგვისტო, 2019 • 972
“ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტია, მხარს ვუჭერთ ჩორჩანაში პოსტის შენარჩუნებას” – ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე პარტიის სახელით აცხადებს, რომ მხარს უჭერს ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სიახლოვეს, ქართული პოლიციის მიერ საგუშაგოს ჩადგმას.

“ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტია, მთლიანად ვუჭერთ მხარს ამ პოსტის შენარჩუნებას და ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ძალიან მტკიცედ, მშვიდად და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, არ მისცეს საოკუპაციო ძალას ვითარების გამწვავების საშუალება”, – ნათქვამია ბაქრაძის განცხადებაში, რომელიც პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა. 

“ევროპული საქართველოს” ლიდერის თქმით, საოკუპაციო ძალა არღვევს კანონს და აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, იტაცებს ადამიანებს და მოქმედებს “გაღმა შეედავეს” პრინციპით, როდესაც ქართული მხარისგან საგუშაგოს აღებას მოითხოვს.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ უნდა დავთანხმდეთ და, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ეს კონკრეტული საგუშაგო უნდა იქნეს შენარჩუნებული, არამედ უნდა აღდგეს სხვა საპოლიციო პოსტებიც, რომელიც გაუქმებული იქნა ბოლო წლების განმავლობაში. ქართული პოლიციის ყოფნა არის აუცილებელი წესრიგის და მშვიდობის დაცვისთვის, ქართული პოლიციის ყოფნა არის აუცილებელი ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის”, – აცხადებს დავით ბაქრაძე.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი დასძენს, რომ ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს მშვიდად და მტკიცედ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. მისივე თქმით, პროცესში საქართველოს უცხოელი პარტნიორების ჩართვის შემთხვევაში არანაირი ნეგატიური შედეგი არ იქნება.

მას შემდეგ, რაც ქართველმა სამართალდამცავებმა სოფელ ჩორჩანაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საგუშაგო აღმართეს, ცხინვალმა მისი აღება ულტიმატუმის სახით მოითხოვა, რაც ქართულმა მხარემ არ შეასრულა. ამის შემდეგ ცხინვალმა ქართულ მხარესთან შეხვედრა მოითხოვა, რომელიც დღეს, 30 სექტემბერს გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი