Interviewsახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალმა ქართულ მხარეს შეხვედრა შესთავაზა – ოსური მხარის პირველი რეაქცია

30 აგვისტო, 2019 • 4940
ცხინვალმა ქართულ მხარეს შეხვედრა შესთავაზა – ოსური მხარის პირველი რეაქცია

ცხინვალი პირველ კომენტარს აკეთებს მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ ცხინვალის ულტიმატუმი პოლიციის პოსტის გაუქმებაზე არ შეასრულა.

“სამხრეთოსური მხარის წინადადებით პარასკევს გაიმართება ტექნიკური შეხვედრა რაიონში, სადაც ქართულმა პოლიციამ უკანონო პოსტი აღმართა”, – განაცხადა დღეს, 30 აგვისტოს მურაჯ ჯიოევმა, ცხინვალის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში.

გარდა ამისა, დე ფაქტო საგარეო უწყების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ქართული მხარის ქმედებები გაცნობიერებულად და დემონსტრაციულად სიტუაციის გამწვავებას ემსახურება, რაც “სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის მთლიან რეგიონში”.

გარდა ამისა, ცხინვალი ქართულ მხარეს 2008 წლის აგვისტოს ახსენებს – 2008 წლის აგვისტოში ქართულ შეიარაღებულ აგრესიას ასევე წინ უძღოდა ქართული მხარის მიერ სამხედრო დანიშნულების ობიექტების მშენებლობები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მთელ პერიმეტრზე.

ოსური მხარე აცხადებს, რომ შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში შესაბამისი კონტრქმედებები იქნება გამოყენებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და შესაძლო შედეგებზე “სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს” აკისრებს.

ქართულ და ოსურ მხარეებს შორის ტექნიკური შეხვედრა დღეს, 12 საათზე, ჩორჩანას სიახლოვეს გაიმართება.

თბილისმა არ შეასრულა ოსური მხარის ულტიმატუმი, რომლის მიხედვითაც დღეს, 30 აგვისტოს, დილის 6-ზე, ქართულ მხარეს საგუშაგო პოსტი უნდა დაეშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი