ახალი ამბები

ნოდარ მელაზე რ2-დან გათავისუფლებას სასამართლოში გაასაჩივრებს

29 აგვისტო, 2019 • 1119
ნოდარ მელაზე რ2-დან გათავისუფლებას სასამართლოში გაასაჩივრებს

“რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე, რომელიც ახალმა მენეჯმენტმა 20 აგვისტოს გაათავისუფლა სამსახურიდან, გათავისუფლების ბრძანებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც მელაძემ ტვ “პირველის” ეთერში თქვა, სამართლებრივ დახმარებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” გაუწევს.

“გათავისუფლებული ვარ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ზ პუნქტით, ანუ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოსათვის მე, რომელმაც 6 წელი ვიმუშავე რუსთავი 2-ში. დღეს, როდესაც გადავავლე თვალი ჩემს პირად საქმეს, შვებულების მხოლოდ 25 დღე მაქვს გამოყენებული ამ 6 წლის განმავლობაში და დილიდან საღამომდე ვმუშაობდი რუსთავი 2-ში.

რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდი და ყურით მოთრეული მიზეზი იმისთვის, რომ შეცვლილიყო კურიერის სარედაქციო პოლიტიკა. ჩემი გათავისუფლების წერილში არ არის დაკონკრეტებული, რა იგულისხმება მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში”, – თქვა ნოდარ მელაძემ.

მელაძის თქმით, სამსახურიდან სამშაბათს გაათავისუფლეს და რამდენიმე დღის განმავლობაში მას ვერ ჩააბრეს გათავისუფლების ბრძანება. მისი აზრით, ამის მიზეზი იყო ის, რომ “რუსთავი 2-ის” მენეჯმენტმა ვერ მოიფიქრა, დოკუმენტში გათავისუფლების საფუძვლად რომელი სამართლებრივი არგუმენტი ჩაეწერა.

“მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიური წნეხისა და დისკრიმინაციის ნიშნები იყო, მე, როგორც საინფორმაციოს უფროსი, უწყვეტ მაუწყებლობას უზრუნველვყოფდი”, – აცხადებს მელაძე.


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 18 ივლისის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, აღსრულდა საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ მფლობელი გახდა ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში.

ახალმა მენეჯმენტმა დაახლოებით ერთ თვეში, 20 აგვისტოს, ტელეარხიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და არხის სხვა სახეები: ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი ლაფერაშვილი და გიორგი გაბუნია. ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვა თანამშრომლის პროტესტი მოჰყვა — არხი ათობით ჟურნალისტმა დატოვა.

წასვლის შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა, ასევე, პაატა იაკობაშვილმა. მათ თქვეს, რომ ტელეარხი მოექცა “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ და ამ პირობებში მუშაობა არ სურდათ. მალევე არხის დატოვების შესახებ 60-ზე მეტმა ჟურნალისტმა განაცხადა, მათ შორის არის „კურიერის“ და „პოსტსკრიპტუმის“ ძირითადი გუნდი.

20 აგვისტოს შემდეგ „კურიერი“ ეთერში არ გადის. 26 აგვისტოს რ2-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის ახალ ხელმძღვანელად წარადგინა ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი. იმნაიშვილმა თქვა, რომ არხიდან ჟურნალისტების წასვლის მიუხედავად, „ნიუსრუმი“ ცარიელი არ არის და არხზე 800-მდე თანამშრომელია დარჩენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი