ახალი ამბები

გაუგებარია — ხულორდავა პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებაზე

29 აგვისტო, 2019 • 1345
გაუგებარია — ხულორდავა პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებაზე

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ „გაუგებარი“ უწოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით მსჯავრდებული ადამიანის შეწყალებას.

პრეზიდენტმა 28 აგვისტოს სხვა 33 მსჯავრდებულთან ერთად შეიწყალა რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

ჟურნალისტების კითხვაზე, რას ფიქრობდა პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებაზე, ხულორდავამ  განაცხადა: „ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, მისი კონსტიტუციური უფლება. ჩემთვის ეს გადაწყვეტილება არის გაუგებარი. მეტ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ“.

დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა  2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმში, ღამის კლუბ „ლეგასში“ 22 წლის პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით.

მკვლელობის ღამეს პოლიციელი კლუბში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა მას თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი. ის სწორედ ამ იარაღიდან გასროლით დაიღუპა.

„რამაზ დევაძე 27 აგვისტოს გამოვიდა ციხიდან, მაგრამ ამ ეტაპზე საუბარი არ სურს მედიასთან… რეალურად, რამაზ დევაძეს განზრახ არ მოუკლავს მუკბანიანი. ეს იყო გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობა და მისთვის მხოლოდ სამი წელი უნდა მიესაჯათ, როგორც გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული. არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება ღამის კლუბის ვიდეოკამერის ჩანაწერებს, სადაც ეს ნათლად ჩანს – კლუბში თავდაპირველად სროლა პოლიციელმა დაიწყო. რამაზმა მისთვის იარაღის წართმევა შეძლო და ტყვიის ამოღების დროს მოხდა შემთხვევითი გასროლა,“ – გვითხრა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.

ვრცლად:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/225359/

მასალების გადაბეჭდვის წესი