ახალი ამბები

გლდანის გამგებლის მოადგილემ თანამშრომელს სახეში გაარტყა, გამოძიება 2 წლის მერე დაიწყო

29 აგვისტო, 2019 • 3124
გლდანის გამგებლის მოადგილემ თანამშრომელს სახეში გაარტყა, გამოძიება 2 წლის მერე დაიწყო

გლდანის გამგებლის მოადგილემ თანამშრომელს სახეში ხელი გაარტყა. მას ამის გამო მხოლოდ საყვედური მისცეს, თუმცა პოლიციისთვის არ შეუტყობინებიათ. გამოძიება 2 წლის შემდეგ დაიწყო — მას შემდეგ, რაც ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო ფეისბუკზე გავრცელდა.

კადრებში ჩანს, რომ გლდანის გამგებლის მოადგილე, ლევან ნაროუშვილი, სახეში ხელს ურტყამს გამგეობის ერთ-ერთ თანამშრომელს. ვიდეო 2017 წლის ზაფხულით თარიღდება. ის ახლახან გაავრცელა „ქართული ოცნების“ გლდანის ოფისის ყოფილმა თანამშრომელმა, გიორგი ყუფარაძემ, რომელმაც „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ ვიდეო ცოტა ხნის წინ გაუგზავნეს.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ლევან ნაროუშვილს, რომელიც ახლაც მუშაობს გამგებლის მოადგილის პოზიციაზე. მან გვიპასუხა: „ამ საკითხთან დაკავშირებით ახლა ვერ გესაბრებით, ექიმთან მაქვს ვიზიტი“, შემდეგ კი გვითხრა, რომ საჭესთან იჯდა.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა თბილისის მერიის პრესსამსახურს, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ფაქტი 2017 წლის ზაფხულში მოხდა, წინა გამგებლის დროს, და კადრებში ნამდვილად ლევან ნაროუშვილი ჩანს. ასევე, დაგვიდასტურეს, რომ ნაროუშვილს მხოლოდ საყვედური გამოუცხადეს.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ნაროუშვილს ახლა დაეკისროს სხვა რაიმე შიდა სანქცია, მერიის პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ ეს სავარაუდოდ გამოძიების შედეგებზეა დამოკიდებული.

შსს-ს თანახმად, გამოძიება ძალადობის/ცემის მუხლით დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი). მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 120-დან 180 საათამდე, ან 1 წლამდე შინაპატიმრობას, ან ერთწლიან პატიმრობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი