ახალი ამბებირეკლამა

სულხან სალაძე: სტიგმა და დისტანცირება ყოფილ პატიმრებს ახალი დანაშაულისკენ უბიძგებს

28 აგვისტო, 2019 • 954
სულხან სალაძე: სტიგმა და დისტანცირება ყოფილ პატიმრებს ახალი დანაშაულისკენ უბიძგებს

სულხან სალაძე, იურისტი

სტიგმა და დისტანცირება ყოფილ პატიმრებს ახალი დანაშაულის, დეპრესიისა და ჩაკეტილობისკენ უბიძგებს, შედეგად ისინი თავს საზოგადოების სრულყოფილ წევრებად ვერ აღიქვამენ. რეალურად თუ შევხედავთ, სასჯელის მოხდა ნიშნავს, რომ დანაშაულის საზღაური ადამიანმა  უკვე გადაიხადა. პატიმრობის დასრულება უნდა იყოს ჩვეულებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად დაბრუნების გარანტი.

ყოფილი პატიმრები პრობლემებს აწყდებიან დასაქმების ადგილებში, საზოგადოებაში. ჩვენი ტიპის ქვეყანაში ყოფილი პატიმრები გარეთაც პატიმრებად განიხილებიან, მათ ვერ აღიქვამენ თანასწორ ადამიანებად. გვქონია შემთხვევები, როცა ოჯახს არ მიუღია ციხიდან გათავისუფლებული.

ვერ ვიტყვით, რომ ქართული ციხიდან გამოსული ყოფილი პატიმარი მზად არის საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. პატიმარს ციხეში არ აქვს რესურსი, რომელიც მას გათავისუფლების შემდეგ თვითრეალიზებაში დაეხმარება.

ციხე ადამიანებს უნდა დაეხმაროს შეცდომების გამოსწორებაში, გათავისუფლების შემდეგ ცხოვრების ჩვეულებრივად გაგრძელებაში. სანამ ამის შესაძლებლობა არ იქნება სახელმწიფოში, სანამ მთელი რიგი ინსტიტუტები არ მიმართავენ ძალისხმევას ამისკენ, მუდმივად გვექნება პრობლემები, როგორც  ყოფილი პატიმრების, ასევე საზოგადოების მხრიდან.

ყოფილ პატიმრებზე ხანდახან სტიგმას აძლიერებს მედიაც, როცა წერს ამა თუ იმ პირზე, რომ ნასამართლევია. ამ დროს რჩება შთაბეჭდილება, თითქოს დანაშაულს მხოლოდ ყოფილი პატიმრები სჩადიან. გვჭირდება მეტი ანალიზი, მეტი ინფორმაცია, განათლების სისტემიდანვე უნდა დავიწყოთ ცვლილებები და ვასწავლოთ თავიდანვე, რომ ციხე არ არის ადამიანისთვის განაჩენი, რითაც ცხოვრება მთავრდება. როცა ადამიანი ასრულებს პატიმრობას და უბრუნდება საზოგადოებას, გარეთ საზოგადოება მისთვის არ უნდა იქცეს მეორე ციხედ და მეორე განაჩენად.

პატიმარს ციხეში არ აქვს რესურსი, რომელიც მას გათავისუფლების შემდეგ თვითრეალიზებაში დაეხმარება.

______________________

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი