კომენტარი

​​თეა წულუკიანის პირადი სამინისტრო

22 ნოემბერი, 2021 • 2180
​​თეა წულუკიანის პირადი სამინისტრო

ავტორი: სულხან სალაძე


ოფიციალურად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ჰქვია, თუმცა, ჩემი აზრით, უფრო შესაფერისი იქნება, თუ მას  „თეა წულუკიანის პირად სამინისტროს“ ვუწოდებთ. საამისოდ ბევრი მიზეზი არსებობს, მათგან ნაწილზე ამ წერილში ვიტყვი, ზოგსაც შემდეგისთვის შემოვინახავ.

დღეს დილით გავიგეთ, რომ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე,მედიის დიდ ნაწილს ჯერ არ შეატყობინეს, ხოლო შემდეგ, ვინც მაინც გაიგო და მივიდა, არ დაუშვეს. რომ ვთქვა, წულუკიანის გადაწყვეტილება ძალიან გამიკვირდა და ეს ამბავი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა, მოგატყუებთ. ეჭვგარეშეა, რომ ქალბატონ მინისტრს არ სურდა მისთვის არასასურველ კითხვებზე პასუხის გაცემა და კრიტიკული მედია ასე მოიშორა თავიდან. არადა, მარტო კულტურის სამინისტროს სისტემის შიგნით მიმდინარე პროცესებზე კითხვა იმდენია, რომ ყველა მათგანზე საპასუხოდ ტყუილის მოფიქრება იოლი სულაც არ უნდა იყოს. სამაგიეროდ, თუ მინისტრი ხარ და თან ეს სამინისტრო პირადი სამინისტრო გგონია, ყველაფერი მარტივდება. ბრიფინგის შესახებ მხოლოდ იმას შეტაყობინებ, ვინც შენიანია, ხოლო კრიტიკულმა მედიამ თუ მაინც გაიგო და მოვიდა, არ დაუშვებ, კარებს ჩარაზავ და ილაპარაკებ იმას, რაც გაგიხარდება.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მარტო მედიის ნაწილისათვის ერთი ბრიფინგის შეუტყობინებლობა არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თეა წულუკიანის პირადი სამინისტრო უწოდო. ზემოთ უკვე ვთქვი, რომ საამისოდ ბევრი მიზეზი მაქვს და ახლა სწორედ, დამატებით, რამდენიმე მათგანის შესახებ მოგითხრობთ.

მინინისტრ წულუკიანის გადაწყვეტილებით, 2021 წლის აპრილს,ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, „ეროვნული მუზეუმის რომელიმე სტრუქტურულ ერთეულში შექმნილი ისეთი ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც სახიფათოა რომელიმე კოლექციის ან ცალკეული სამუზეუმო ექსპონატისათვის, მინისტრი უფლებამოსილია, მდგომარეობის შესწავლის მიზნით, მოცემულ სტრუქტურულ ერთეულში განსაზღვრული ვადით მიავლინოს სამინისტროს რწმუნებული/რწმუნებულები, რომლის/რომელთა უფლებამოსილებაც განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“ ერთი შეხედვით აქ ცუდი არაფერი უნდა ეწეროს, მუზეუმში დაცულ რომელიმე კოლექციას ან სამუზეუმო ექსპონანტს თუ საფრთხე ემუქრება, მინისტრის მოქმედებაც შესაბამისი უნდა იყოს. მიავლენს რწმუნებულს (რწმუნებულებს) და ყველაფერი მოგვარდება, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში, ამ ცვლილებით მინისტრმა მყარი სამართლებრივი გარანტია შეიქმნა საიმისოდ, რომ ეროვნული მუზეუმის სისტემაში არსებულ რომელიმე სტრუქტურულ ერთეულში, თუ საქმეები ისე არ მიდის, როგორც ამას მინისტრი ისურვებდა, მისი „თვალი და ყური“ მიავლინოს და ყველაფერი მოაგვაროს. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მინისტრს არაფერი უშლის ხელს, რომ ბრძანებაში, რომლითაც სამინისტროს რწმუნებულს მიავლენს, უფლებამოსილებაში ის ჩაუწეროს, რასაც თავად მოისურვებს. მათ შორის, მუზეუმის დირექტორზე მეტი უფლებამოსილებაც კი. მივლინების ვადასაც თავად განსაზღვრავს და რომელიმე კოლექციის ან ცალკეული სამუზეუმო ექსპონანტისთვის შექმნილ სახიფათო მდგომარეობასაც თავად შეაფასებს. ეს ყველაფერი მინისტრის სუბიექტურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და არა ნორმატიული შინაარსის აქტზე, რომლის დაცვაც მისთვის სავალდებულო ხასიათის იქნებოდა. ერთი სიტყვით, მინისტრის მიერ საკუთარი თავისთვის მიძღვნილი ეს უფლებამოსილება სამუზეუმო სისტემაში ტოტალური კონტროლის და „ოდეერის“ დანიშვნის შესაძლებლობას უფრო წააგავს, ვიდრე იქ დაცულ კოლექციებზე ზრუნვას.

მინისტრ წულუკიანის რეალური საქმიანობა რომ სამუზეუმო კოლექციების დაცვისგან შორს დგას, სხვა მაგალითითაც კარგად დასტურდება. მიმდინარე წლის ივლისის თვეში, მინისტრის ბრძანებით, ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში მართვის განსაკუთრებული რეჟიმი იქნა შემოღებული. პარალელურად, მუზეუმში დასაქმებული თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისა და ფონდების ევაკუაციის მიზნით სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ბრაძანებით განსაზღრული გეგმის შესრულების შესახებ კი არაფერი ისმის. ამ საკითხთან დაკავშირებით აქ მხოლოდ იმას ვიტყვი (მერე ცალკე დავწერ ვრცლად), რომ გეგმის დიდი ნაწილი შესრულებული უნდა იყოს უკვე, თუმცა, სამწუხაროდ, ამ დრომდე შეუსრულებელია.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის თემას უკავშირდება  კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მუზეუმის გადარჩენის მიზნით, მიმდინარე წლის აგვისტოში მომზადებული პეტიციის სამინისტროს მიერ განხილვას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ პეტიციას 2500-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი და შესაბამისი წესების დაცით წარედგინა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ამ დრომდე არაფერია ცნობილი მისი განხილვის და გადაწყვეტილების მიღების. არადა, პეტიციის წარდგენიდან 100 დღეზე მეტი გავიდა უკვე და, სავარაუდოდ, სამინისტროში, სადღაც, რომელიღაც თაროზე იმტვერება, ან სულაც ნაგავში მოისროლეს მიღებისთანავე. თითქოს სამინისტრო რაიმეს განმხილველი ყოფილიყო, პეტიციის ის ნაწილი, რომელიც პარლამენტს ეხებოდა, ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ სრულიად უკანონოდ სამინისტროს გადაუგზავნა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, პარლამენტს ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენებას ვთხოვდით, ხოლო ამ უკანსკნელმა, ვისზეც საპარლამენტო კონტროლი უნდა განეხორციელებინა, იმას გადაუგზავნა პეტიცია. ვერაფერს იტყვი, ბრწყინავალე მოფიქრებაა. 

დღეს აქ დავასრულებ თეა წულუკიანის პირად სამინისტროზე საუბარს და ახლო მომავალში ისევ მივუბრუნდები.


ავტორის შესახებ: 

სულხან სალაძე არის იურისტი, მკვლევარი. წლების მანძილზე ის იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.


კომენტარების სექციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ნეტგაზეთის რედაქციის პოზიციას.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი