პროკურატურამ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

საქართველოს გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ უწყებაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება – დანაშაულის არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა.

როგორც პროკურატურა აცხადებს, 2019 წლის 11 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე. გამოძიება დაიწყო ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილის – ბაჩანა შენგელიას განცხადების საფუძველზე. შენგელია განცხადებაში მიუთითებდა, რომ სკოლის ინსპექტირებისას ია კერზაიას მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივით დევნას,  დამამცირებელ მოპყრობას და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ყველა პირი, რომელთაც პირდაპირი თუ ირიბი შემხებლობა ჰქონდათ ინსპექტირების ჩატარებასთან, მათ შორის ისინიც, ვისი გამოკითხვის საჭიროებაზეც მიუთითებდა თავად განმცხადებელი. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ამავე სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, ინსპექტირების სამსახურის უფროსი და მისი თანამშრომლები, რომელთაც უშუალოდ ჩაატარეს სკოლის შემოწმება, სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი და მისი თანამშრომლები, რომელთაც უშუალოდ მიიღეს და დაარეგისტრირეს ის საჩივარი, რომლის საფუძველზე დაიწყო სკოლის ინსპექტირება. ასევე გამოიკითხა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.

პროკურატურა ასევე აცხადებს:

ზემოაღნიშნულის გარდა, განმცხადებლის დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მისი მოადგილე და ამავე სამსახურის სხვა მაღალჩინოსნები, ასევე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი.

საგამოძიებო უწყებამ ზუგდიდში მიავლინა საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც ადგილზე ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, გამოიკითხნენ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის პედაგოგები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და მომსახურე პერსონალი – ყველა ის პირი, რომელიც უშუალოდ ფლობდა ინფორმაციას სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებაზე. გარდა ამისა, გამოიკითხა ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი და მისი თანამშრომელი. გამოიკითხნენ ასევე თავად განმცხადებელი ბაჩანა შენგელია და მისი ნათესავები.

საგამოძიებო უწყებამ სრულყოფილად გამოითხოვა და შეისწავლა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მათ შორის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან, ქუთაისის და ზუგდიდის სამედიცინო დაწესებულებებიდან (ია კერზაიას მკურნალობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია).

პროკურატურა ასევე აცხასდებს,  რომ ბაჩანა შენგელიას მიმართვის საფუძველზე მას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მიეცათ შესაძლებლობა სრულად გაცნობოდნენ საქმის მასალებს, ამასთან, გამოძიების მსვლელობისას მათ მიეწოდებოდათ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, უწყებამ გადაამოწმა ყველა ის გარემოება, რომელიც შეეხებოდა საჩივარ/განცხადების მიღების, რეგისტრაციის, ჩატარებული ინსპექტირებისა და მისი შედეგების კანონიერებას და რომლის შესწავლის აუცილებლობაზეც მიუთითებდა თავად განმცხადებელი.

“შედეგად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას  ადგილი  ჰქონდა ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას.  გამოძიების ფარგლებში მრავალი მოწმისგან მიღებული ჩვენებით და სხვა ფაქტობრივი გარემოებების შესწავლით არ დადასტურდა ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური დევნა, მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა და ის ფაქტი, თითქოს სკოლის ინსპექტირება პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. ამასთან, ასევე არ დადასტურდა რაიმე სახის კავშირი ია კერზაიას გარდაცვალებასა და ჩატარებულ ინსპექტირებას შორის. შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის საფუძველზე  საქმეზე შეწყდა გამოძიება”, – ნათქვამია პროკურატურის 23 აგვისტოს განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.