ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის დაზუსტებით არსებითად არაფერი იცვლება

22 აგვისტო, 2019 • 799
ადვოკატის თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის დაზუსტებით არსებითად არაფერი იცვლება

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ დღეს პროკურატურაში ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის დაზუსტებით საქმეში არსებითად არაფერი იცვლება.

იურისტი განმარტავს, რომ მუხლი და შინაარსი იგივეა, მხოლოდ ავთანდილ წერეთლის გვარია რამდენიმე ადგილას ჩამატებული:

“ბრალში იგივე ტექსტია, უბრალოდ, ორ-სამ ადგილას ჩამატებულია წერეთლიდ გვარი. არაფერი იცვლება, მიხლი და შინაარსი იგივეა. ავთო წერეთელი დამატებულია, როგორც ბრალდებული, ვითომდა ეხმარებოდა ხაზარაძეს და ჯაფარიძეს. წერეთლისთვის ბრალის წაყენების საჭიროება იმიტომ გაჩნდა, რომ იმ აბსურდულ სქემაში, რომელიც პროკურატურას აქვს, ბადრიმ და მამუკამ განიზრახეს, საკუთარ თავს და ბანკს მოტყუებით გამოსტყუონ თანხა და ამისთვის, ვითომდა, დაუკავშირდნენ ავთო წერეთელს და მისი დახმარებით მოახერხეს ეს. ეს აბსურდის თეატრია, ეს რაც მოგიყევით, არ არის ფულის გათეთრება, მაგრამ ხანდაზმულობის გამო ფულის გათეთრება მიაწერეს. ეს ის მუხლია, რომელიც პირდაპირ ყადაღას ითვალისწინებს და ბიზნესმენებს და ბანკირებს ამ მდგომარეობაში ჩააგდებს”, – ამბობს კორძაძე.

ბრალის დაზუსტების შემდეგ მედიასთან კომენტარი ბადრი ჯაფარიძემაც გააკეთა. მისი თქმით, პროკურატურა რეჟიმისთვის არასასურველი ადამიანების დამსჯელ აპარატადაა ქცეული:

“გრძელდება ჩვენი დევნა. ძალიან სამწუხარო ამბავი უნდა გითხრათ, რომ პროკურატურა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი, განადგურებულია. ის იქცა რეჟიმისთვის არასასურველი ადამიანების დამსჯელ აპარატად. ბრალი აბსურდული ცილისწამებაა. ის ცინიზმით შეიძლება შეედაროს უდანაშაულო ადამიანისთვის ან იარღის, ან ნარკოტიკის ჩადებას და ამაში მის დადანაშაულებას.

გენპროკურორი, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებელია ამ ბრალის ჩვენსადმი  წაყენებაში, დღეს მიისწრაფვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისკენ. ის არის პირდაპირ პასუხისმგებელი ყველა იმ აბსურდული ბრალის, რომელიც ჩვენ წაგვიყენეს. ამის შემდეგ  რომ უნდა, სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს, სადაც ჩვენ სამართალი უნდა ვნახოთ. უკვე ნათელია, რა აბსურდთან გვაქვს საქმე”, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

24 ივლისს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა. სწორედ მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობდა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელიც პორტს აშენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი