ახალი ამბები

NGO-ები: წერეთლის სამართლებრივი დევნა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაზე კითხვებს ამძაფრებს

22 აგვისტო, 2019 • 1361
NGO-ები: წერეთლის სამართლებრივი დევნა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაზე კითხვებს ამძაფრებს

არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურის მიერ ტელეკომპანია “პირველის” მფლობელის ოჯახის წევრისთვის ბრალის წარდგენაზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ 11 წლის წინანდელ ფაქტზე საეჭვო გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზების მუხლით 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, თუმცა გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალი 2019 წლის 24 ივლისს, მას შემდეგ წაუყენა, რაც მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსა.

NGO-ებში აცხადებენ, რომ მიმდინარე გამოძიების ირგვლივ არაერთი ლეგიტიმური კითხვა გაჩნდა. კერძოდ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიერ მაშინვე გამოითქვა ეჭვი, რომ ეს საქმე, შესაძლოა, პოლიტიკურად ყოფილიყო მოტივირებული:

“შექმნილ ვითარებაში, და განსაკუთრებით კრიტიკული მაუწყებლის – “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, როდესაც ტელეკომპანიის მფლობელისა და მენეჯმენტის ცვლილებას რეალურად მოჰყვა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ გადადგმული ნაბიჯები, უკიდურესად შემაშფოთებელია კიდევ ერთი კრიტიკული ტელემაუწყებლის, “ტვ პირველის” მფლობელის ოჯახის წევრის – ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.

ჩნდება ეჭვი, რომ საგამოძიებო პროცესი, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას დამოუკიდებელ და კრიტიკულ მაუწყებელზე ზეწოლისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობას სახელისუფლებო გუნდის მხრიდან, სავარაუდოდ, ადრეც ჰქონდა ადგილი”, – ვკითხულობთ გაცხადებაში.

განცხადების ხელმომწერ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები უკიდურესად შემაშფოთებელ ხასიათს ატარებს და საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას:

“სახეზეა არაფორმალური მმართველობისა და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენცია, რაც მოიცავს დიდი ძალაუფლების კონცენტრაციას მმართველი პარტიისა და გავლენიანი პირების ხელში და მათ მიერ საჯარო ინსტიტუტების გამოყენებას კერძო მიზნებისა და ვიწროპარტიული ინტერესებისთვის” – წერია განცხადებასი.

NGO-ები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, კარგად გააცნობიეროს საკითხის სერიოზულობა და გაიაზროს ის ზიანი, რაც სახელმწიფო ინტერესებს შეიძლება შეექმნას შერჩევითი თუ პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ საფუძვლიანი ეჭვების კიდევ უფრო გაღრმავებით.

საქართველოს გენერალურ პროკურატურას კი მიმართავენ, წარმოადგინოს და გაასაჯაროოს დამაჯერებელი მტკიცებულებები როგორც ხაზარაძისა და ჯაფარიძის, ასევე ავთანდილ წერეთლის ბრალეულობის შესახებ, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს კითხვები ბრალდების სხვა მოტივებთან დაკავშირებით.

NGO-ები ასევე მიმართავენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს, რომლებიც მიუთითებს როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე ზოგადად დემოკრატიული ინსტიტუტების წინაშე არსებულ სისტემურ გამოწვევებზე.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  • სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • მედია განვითარების ფონდი
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

მასალების გადაბეჭდვის წესი