ახალი ამბები

ადვოკატი: ავთო წერეთელი გამორიცხავს დანაშაულებრივ ქმედებაში მის მონაწილეობას

22 აგვისტო, 2019 • 2321
ადვოკატი: ავთო წერეთელი გამორიცხავს დანაშაულებრივ ქმედებაში მის მონაწილეობას

ავთო წერეთლის ადვოკატი, კახა წერეთელი აცხადებს, რომ ავთო წერეთელი პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ იზიარებს და დანაშაულებრივ ქმედებაში საკუთარ მონაწილეობას გამორიცხავს:

“ჩემთვის ცნობილია ავთანდილ წერეთლის პოზიცია. ის გამორიცხავს თავის მონაწილეობას რაიმე დანაშაულებრივ ქმედებაში და, შესაბამისად, დარწმუნებულია, რომ ბრალდება არის დაუსაბუთებელი. საუბარია 10-11 წლის წინანდელ ტრანზაქციებზე თანხის სესხებაზე, გასესხებაზე და ა.შ.”, – ამბობს ადვოკატი კახა წერეთელი ტელეკომპანია “იმედთან”.

ტელეკომპანია “პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მამამისი, რომელსაც პროკურატურამ დღეს TBC ბანკის საქმეზე ბრალი წაუყენა, უწყებაში 29 აგვისტოს მივა.

ავთო წერეთელი პროკურატურაში დღეს, 22 აგვისტოს იყო დაბარებული, თუმცა, როგორც მისი შვილი განმარტავს, წერეთელი საქართველოში არ იმყოფება და პროკურატურაში ქვეყანაში დაბრუნებისთანავე გამოცხადდება.

რაც შეეხება ბრალდებას, ავთო წერეთლის შვილი საქმეს ტელეკომპანია “პირველის” საქმიანობას უკავშირებს და აცხადებს, რომ ბრალდება აბსურდულია:

„მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი სცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით?! კიდევ ერთხელ გეუბნებით: ტვ პირველს ვერ წაიღებთ! ვრჩებით გავლენების მიღმა —მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა — ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში“, — დაწერა ვატო წერეთელმა ფეისბუკზე.

აღნიშნულ საქმეზე ბრალი წაყენებული აქვთ TBC ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესაც. მათ 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა. სწორედ მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელიც პორტს აშენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი