ტელეკომპანია “პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მამამისი, რომელსაც პროკურატურამ დღეს TBC ბანკის საქმეზე ბრალი წაუყენა, უწყებაში 29 აგვისტოს მივა.
ავთო წერეთელი პროკურატურაში დღეს, 22 აგვისტოს იყო დაბარებული, თუმცა, როგორც მისი შვილი განმარტავს, წერეთელი საქართველოში არ იმყოფება და პროკურატურაში ქვეყანაში დაბრუნებისთანავე გამოცხადდება:
“პროკურატურასთან შედგა კომუნიკაცია, ფორმალობებს ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი მიხედავს.
ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს, საქართველოში დაბრუნებისთანავე. ამის თაობაზე საქმის კურსშია საქართველოს გენერალური პროკურატურა”, – ამბობს ვატო წერეთელი.
უწყება ავთო წერეთელს 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის დახმარებას ედავება (სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
აღნიშნულ საქმეზე ბრალი წაყენებული აქვთ TBC ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესაც. მათ 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა. სწორედ მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელიც პორტს აშენებს.
ვრცლად წაიკითხეთ: