“საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ამიტომ მას აქვს სრული უფლება ითანამშრომლოს ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის ნატოსთან. ეს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისაკენ, რომ საქართველოში განთავსდეს ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა, ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს. საქართველო საერთოდ არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ზიანს მიაყენებს რეგიონულ უსაფრთხოებას. რეგიონულ უსაფრთხოებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს უპირველესად საფრთხეს უქმნის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, აქ რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება. ბრიუსელშიც, თბილისშიც, მოსკოვშიც, კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს გაწევრიანება ნატოში დღის წესრიგში არ დგას. ჩვენი ურთიერთობა მესამე ქვეყნებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან კარასინთან საუბრის თემა არ არის”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს იმ შემთხვევაში, თუ ნატო პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს ალიანსში ჩასათრევად.