ახალი ამბები

კურიერი ეთერში არც 15:00 საათზე გავიდა

21 აგვისტო, 2019 • 1988
კურიერი ეთერში არც 15:00 საათზე გავიდა

„რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ არც 21 აგვისტოს 15:00 საათზე გავიდა ეთერში. ეს არის უკვე მეოთხე საინფორმაციო გამოშვება 20 აგვისტოს საღამოს შემდეგ, რომელიც ეთერში არ გადის. ახალი ამბები არც რუსთავი 2-ის ვებსაიტზე ქვეყნდება.

ტელეარხის ეთერში 3 საათზე მხატვრული ფილმი დაიწყო. 12 საათისთვის რ2-ის ვებსაიტზე დაწერეს, რომ 12:00 საათზე კურიერი ეთერში არხზე მიმდინარე მოვლენების გამო არ გადიოდა და რომ „დამატებით ინფორმაციას არხის მაყურებელი არხის ვებ-გვერდიდან შეიტყობს“.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, დღეს ტელევიზიის არცერთი გადამღები ჯგუფი არ გასულა გადაღებაზე. გარდა ამისა, “რუსთავი 2-ის” მენეჯმენტმა „კურიერის“ გუნდში ვერ იპოვა ადამიანი, რომელსაც დაითანხმებდა საინფორმაციო გამოშვების წაყვანაზე.

მას შემდეგ,რაც 20 აგვისტოს არხის დირექტორმა პაატა სალიამ თქვა, რომ „რუსთავი 2-დან“ გაუშვა წამყვანი ჟურნალისტები, მათ შორის, საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტელეარხს ტოვებენ სხვა ჟურნალისტებიც.

გუშინდელი ღამის შემდეგ ახალი ამბები არც „რუსთავი 2-ის“ ვებსაიტზე ქვეყნდება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული საინფორმაციო ონლაინრესურსია ქართულენოვან ინტერნეტსივრცეში.

„რუსთავი 2-ის“ დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. მათი თქმით, ისინი არ იმუშავებენ ტელევიზიაში, რომელიც, რეალურად ბიძინა ივანიშვილმა ჩაიგდო ხელში. ნეტგაზეთი ცდილობს დააზუსტოს „კურიერიდან“ წამოსული ჟურნალისტების რაოდენობა.

„კრემლის მთავარი მსახურის ეთერში ვერ დავრჩებით“ – კურიერის წამყვანებმა ეთერი დატოვეს [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი