ახალი ამბები

„ყველაფერი კარგად იქნება“ — ქიბარ ხალვაში კურიერის შეწყვეტის შემდეგ

20 აგვისტო, 2019 • 2979
„ყველაფერი კარგად იქნება“ — ქიბარ ხალვაში კურიერის შეწყვეტის შემდეგ

„რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება“, — ასე გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში არხზე ბოლო საათებში განვითარებულ მოვლენებს.

20 აგვისტოს, 9-საათიანი კურიერის დაწყებისთანავე წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა ეთერი და არხი დატოვეს. საინფორმაციო გამოშვება მათი გამოსამშვიდობებელი სიტყვებისთანავე შეწყდა.

ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ახალი მენეჯმენტის მიერ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძისა და სხვა წამყვანი ჟურნალისტების, მათ შორის გიორგი გაბუნიას, გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის დადასტურებას.

რამდენიმე საათით ადრე, მას შემდეგ, რაც საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, ნიკა გვარამიამ რ2-ის თანამშრომლების მისამართით დაწერა: „გამჩუმებელი – რჩება. დამრჩენი – ემსახურება უზურპატორ ივანიშვილს. გაგრძელებას არ საჭიროებს. გელოდებით მთავარ არხზე“.

რ2-ზე საკადრო ცვლილებები – ახალი მენეჯმენტის მიერ გაბუნიას, მელაძის, ჟორჟოლიანისა და გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი ლაფერაშვილის გათავისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარყოფითად შეაფასეს.

რუსთავი2-ის ყოფილი თანამშრომლები 20 აგვისტოს პარლამენტთან აქციაზე მივიდნენ გადაცემა „სირცხვილიას“ პირდაპირ ეთერში სტუმრად, სადაც გიორგი გაბუნიამ თქვა:

„მთავარი არხი დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩვენი სლოგანი, რომელიც მანანა დოიაშვილის მოგონილია და ძალიან კარგად გამოხატავს ჩვენი არხის არსს. მთავარი არხი იყო რ2, როდესაც ეს გუნდი იქ მუშაობდა. ახლა ვთვლი, რომ მთავარი არხი იქნება იქ, სადაც წავალთ ჩვენ, სადაც წავა გუნდი, სადაც ჩვენი ლიდერი იქნება ნიკა გვარამია. მე მივდივარ იქ, სადაც ვმუშაობდი ამდენი წლის განმავლობაში იმავე გუნდთან და იმავე ლიდერთან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი