ახალი ამბები

რ2-ზე საკადრო ცვლილებები სარედაქციო პოლიტიკას შეცვლის, ცუდად აისახება მედიაგარემოზე – კიდევ 9 NGO

20 აგვისტო, 2019 • 1068
რ2-ზე საკადრო ცვლილებები სარედაქციო პოლიტიკას შეცვლის, ცუდად აისახება მედიაგარემოზე – კიდევ 9 NGO

კიდევ 10-მდე არასამთავრობორო ორგანიზაცია აფასებს უარყოფითად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელის მიერ განხორციელებულ და დაანონსებულ საკადრო ცვლილებებს. მათი განცხადებით, „ეჭვგარეშეა, რომ არხის წამყვანი ჟურნალისტების სამსახურიდან ბუნდოვანი მიზეზებით გაშვება სინამდვილეში არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაა“;

ამასთან, მათ თანახმადვე, „ცალსახაა, რომ არხის გარშემო განვითარებული მოვლენები ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ მედია გარემოზე და უარყოფით გავლენას იქონიებს, როგორც მედიის თავისუფლებაზე, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე“.

რ2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ 20 აგვისტოს თქვა, რომ სამსახურიდან ათავისუფლებს არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნოდარ მელაძესა და ტელეწამყვანებს, ნანუკა ჟორჟოლიანს, ეკა კვესიტაძეს, გიორგი გაბუნიას და გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილს.

არასამთავრობო ორგანიზაციები წერენ: „დღეს არხის დირექტორმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას აუწყა, რომ გიორგი გაბუნიას, გიორგი ლაფერაშვილსა და ნოდარ მელაძესთან აპირებს სამართლებრივ დავას სარეკლამო კომპანია „ინტერმედია პლუსთან“ 2015 წელს დადებული „თვალთმაქცური გარიგებების“ გამო, საიდანაც მათ თითქოს ფინანსური სარგებელი მიიღეს. მისი განცხადებით, სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული მათი გათავისუფლება, რადგან მას ვერ წარმოუდგენია, ედავოს ადამიანებს, რომლებიც ტელევიზიაში წამყვან თანამდებობებზე არიან დასაქმებულები. ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლების მიზეზად მის მიერ კომპანიის ინტერესების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება დასახელდა. ეკა კვესიტაძის გათავისუფლების საფუძველი, კი სხვა არხის დაფუძნებაში მონაწილეობა აღმოჩნდა“.

„საყურადღებოდ მიგვაჩნია ნოდარ მელაძის მიერ გაკეთებული განაცხადება, რომლის მიხედვითაც ორი კვირის წინ შუამავლის მეშვეობით გადმოსცეს ბიძინა ივანიშვილის გზავნილი, სადაც ითხოვდნენ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაში დახმარების აღმოჩენას. მელაძე გათავისუფლებას სწორედ ამ მოთხოვნაზე მის უარს უკავშირებს. ნანუკა ჟორჟოლიანისთვის გათავისუფლების შესახებ სალიას განცხადება მოულოდნელი იყო, რადგან მისი თქმით, წინა დღეს მასთან მომავალი სეზონისგეგმებს განიხილავდა. ჟურნალისტი არხის დირექტორის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს“, — წერია განცხადებაში.

ამასთან, ის, რომ ნოდარ მელაძისა და ნანუკა ჟორჟოლიანისთვის არხის ახალ მენეჯმენტს მათი კუთვნილი ხელფასიც არ გადაუხდიათ, არასამთავრობოების შეფასებით, „მათზე არაპირდაპირი ზეწოლის მცდელობადაც შეიძლება ჩაითვალოს“.

„ადგილობირივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოუწოდეს „რუსთავი 2-ის“ ახალ მენეჯმენტს, რომ არ ჩარეულიყო არხის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაში. თავის მხრივ, მენეჯმენტმაც გასცა ასეთი დაპირებები. მიუხედავად ამისა, რამდენიმე კვირაში ახალმა მენეჯმენტმა დაუსაბუთებელი გადაწყვეილება მიიღო არხის საინფორმაციო უფროსის და ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული საგამოძიებო გადაცემის წამყვანის ნოდარ მელაძის, პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანების ეკა კვესიტაძისა და გიორგი გაბუნიას, არხის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. არხიდან გაათავისუფლეს ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გასართობი გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც“, — აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

„ბოლო პერიოდში „რუსთავი 2“-ის ახალი მენეჯმენტი გამუდმებით მიუთითებდა არხზე არსებულ მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რითიც, კომპანიისთვის და ჟურნალისტებისთვის არამდგრად გარემოს შექმნას უწყობდა ხელს. მეორე მხრივ კი ქართულ ტელესივრცეში გამორჩეულად მაღალი რეიტინგის მქონე ტელეწამყვანები გაათავისუფლა სამსახურიდან. ეს ყველაფერი აღრმავებს ეჭვებს ამ გადაწყვეტილებების პოლიტიკურ მოტივაციებთან დაკავშირებით. ასევე, ბოლო პერიოდში არხის მიერ არსებული პოლიტიკური ვითარების კრიტიკულად გაშუქება, როგორც ჩანს, დამატებითი საფუძველი გახდა „რუსთავი 2“-ის ახალი მენეჯმენტისთვის აღნიშნული ფორსირებული გადაწყვეტილების მისაღებად“.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საზოგადოება და ბანკები
  • მედიის განვითარების ფონდი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • მწვანე ალტერნატივა
  • კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი

ნახეთ ასევე:

რ2-ის ჟურნალისტების გათავისუფლებით სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება იწყება — NGO-ები

მასალების გადაბეჭდვის წესი