ახალი ამბები

მთავარი არხი იქნება ის, სადაც ვიქნებით ჩვენ — გაბუნიაც გვარამიას ახალ არხზე მიდის

20 აგვისტო, 2019 • 2844
მთავარი არხი იქნება ის, სადაც ვიქნებით ჩვენ — გაბუნიაც გვარამიას ახალ არხზე მიდის

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი უკვე ყოფილი წამყვანი, გიორგი გაბუნია, აცხადებს, რომ „მთავარი არხი იქნება იქ, სადაც ეს გუნდი იქნება“. მანამდე ნანუკა ჟორჟოლიანმაც თქვა, რომ ის ნიკა გვარამიას ახალ არხზე, „მთავარ არხზე“ გადადის. იმავეს აპირებს გიორგი გაბუნიაც.

რუსთავი2-ის ყოფილი თანამშრომლები 20 აგვისტოს პარლამენტთან აქციაზე მივიდნენ გადაცემა „სირცხვილიას“ პირდაპირ ეთერში სტუმრად, სადაც გიორგი გაბუნიამ თქვა:

„მთავარი არხი დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩვენი სლოგანი, რომელიც მანანა დოიაშვილის მოგონილია და ძალიან კარგად გამოხატავს ჩვენი არხის არსს. მთავარი არხი იყო რ2, როდესაც ეს გუნდი იქ მუშაობდა. ახლა ვთვლი, რომ მთავარი არხი იქნება იქ, სადაც წავალთ ჩვენ, სადაც წავა გუნდი, სადაც ჩვენი ლიდერი იქნება ნიკა გვარამია. მე მივდივარ იქ, სადაც ვმუშაობდი ამდენი წლის განმავლობაში იმავე გუნდთან და იმავე ლიდერთან“.

ამ საუბრამდე ცოტა ხნით ადრე, 9-საათიანი კურიერის დაწყებისას, კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა ეთერი და არხი დატოვეს.

რამდენიმე საათით ადრე, მას შემდეგ, რაც საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, ნიკა გვარამიამ რ2-ის თანამშრომლების მისამართით დაწერა: „გამჩუმებელი – რჩება. დამრჩენი – ემსახურება უზურპატორ ივანიშვილს. გაგრძელებას არ საჭიროებს. გელოდებით მთავარ არხზე“.

რ2-ზე საკადრო ცვლილებები – ახალი მენეჯმენტის მიერ გაბუნიას, მელაძის, ჟორჟოლიანისა და გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი ლაფერაშვილის გათავისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარყოფითად შეაფასეს.

სალია მელაძეს, გაბუნიას, კვესიტაძეს და სხვებს R2-დან ათავისუფლებს

მასალების გადაბეჭდვის წესი