ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე: ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღეს

20 აგვისტო, 2019 • 3214
მამუკა ხაზარაძე: ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღეს

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები დააყადაღეს. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე წერს ფეისბუქზე.

„დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება.
ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება.

ვერ შეგვაშინებთ!!
ბრძოლას ვაგრძელებთ!!“ – წერს მამუკა ხაზარაძე.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ  24 ივლისს თქვა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

აღნიშნული საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. პარლამენტში გამართული მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კატეგორიულად უარყვეს მათი მხრიდან რაიმე სახის უკანონო ქმედების ჩადენა. გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

ამავე თემაზე: 

რას უნდა ველოდოთ ხაზარაძის “საზოგადოებრივი მოძრაობისგან”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი