ახალი ამბები

რ2-ის ჟურნალისტების გათავისუფლებით სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება იწყება — NGO-ები

20 აგვისტო, 2019 • 837
რ2-ის ჟურნალისტების გათავისუფლებით სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება იწყება — NGO-ები

10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც მედიის ადვოკატირების კოალიციაში ერთიანდება, აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების გათავისუფლებით იწყება სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება;

20 აგვისტოს, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიას თქვა, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლებულია. ამასთან, გათავისუფლდებიან წამყვანები, გიორგი გაბუნიას, ეკა კვესიტაძეს და ნანუკა ჟორჟოლიანი; ასევე, გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილი.

არასამთავრობოების თანახმად, გამართლდა ის მოლოდინი, რაზეც ტელეკომპანიის თანამშრომლები დირექტორის შეცვლის შემდგომ საუბრობდნენ – რომ შესაძლოა შექმნოდათ საფრთხეები სარედაქციო დამოუკიდებლობისა და შრომითი უფლებების თვალსაზრისით.

„ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საჯარო რეეტრში 2019 წლის 16 აგვისტოს დარეგისტრირდა განცხადება „რუსთავი 2“-ში პროფესიული კავშირების შექმნის თაობაზე, რომლის ერთ-ერთ დირექტორადც არხის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე იყო მითითებული“, — წერს კოალიცია.

მათ მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია, „არ მოხდეს ჟურნალისტების სარედაქციო საქმიანობაში ან შემოქმედებით პროცესში ჩარევა და ცენზურა“ და „აუცილებლად უნდა იქნას დაცული ჟურნალისტთა შრომითი უფლებები“.

„კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ვაკვირდებით “რუსთავი 2”-ში განვითარებულ მოვლენებს და გამოვთქვამთ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, დაივიცვათ ჟურნალისტთა შრომითი უფლებები“, — წერია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • მედიაკლუბი
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • სატელევიზიო ქსელი
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

ნახეთ ასევე:

სალია მელაძეს, გაბუნიას, კვესიტაძეს და სხვებს R2-დან ათავისუფლებს

მასალების გადაბეჭდვის წესი