ახალი ამბები

დააარსეთ პროფკავშირი და კოლექტიურად იდავეთ — რჩევა რ2-ის თანამშრომლებს

19 ივლისი, 2019 • 2020
დააარსეთ პროფკავშირი და კოლექტიურად იდავეთ — რჩევა რ2-ის თანამშრომლებს

„რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს ურჩევენ, დააარსონ პროფესიული კავშირი, რაც მთელ რიგ ახალ, საერთო უფლებებს წარმოუქმნის, რისი მეშვეობითაც ექნებათ საშუალება, დამატებითი გარანტიები მოითხოვონ ახალი მენეჯმენტისგან.

რა ხდება — მოკლედ

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, — რომელმაც ტელევიზიის შესახებ საქართველოში წარმოებულ სასამართლო დავაში დარღვევები არ დაადგინა, — ახლად დარეგისტრირებულმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა გენერალურ დირექტორი ნიკა გვარამია გადააყენა და მის ნაცვლად პაატა სალია დანიშნა.

იმავე დღეს, 18 ივლისს, ახალი დირექტორი მივიდა „რუსთავი 2“-ის შენობაში. დაუგეგმავ შეხვედრაზე „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა, კერძოდ ნანუკა ჟორჟოლიანმა, ახალ დირექტორს, პაატა სალიას მოსთხოვეს გარანტიები სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობის შესახებ.

მათ სალიას შესთავაზეს, მიიტანოს გრძელვადიანი (დავუშვათ, როგორც ჟორჟოლიანმა თქვა, 2-წლიანი) კონტრაქტები იმ ჟურნალისტებისა და წამყვანებისთვის, — სულ მცირე, ათი მათგანისთვის, — რომლებიც, მისი თქმით, ხელისუფლებისთვის მიუღებელ კონტენტს ქმნიან. მაგალითად, ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, ვანო ჯავახიშვილი და ა.შ.

პაატა სალიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვერ მისცემს ჟურნალისტებს ასეთ გარანტიებს, სანამ ქიბარ ხალვაშისგან პასუხს არ მიიღებს. „ამასთნ დაკავშირებით აუცილებლად კონკრეტული პასუხებით დავბრუნდებით. რა სახის იქნება ეს გარანტია, რა სახის კონტრაქტები იქნება… ჯერ უნდა ვიცოდეთ, რა კონტრაქტები აქვთ ამ ადამიანებთან გაფორმებული, რომ მათ გაგრძელებაზე ვისაუბროთ“, — თქვა მან.

კოლექტიური ხელშეკრულება

შრომითი უფლებების საკითხზებზე მომუშავე სპეციალისტები „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს ურჩევენ, კოლექტიურად სცადონ ხელშეკრულების დადება დამსაქმებელთან, რაც, მათი აზრით, დასაქმებულებს დამატებით გარანტიებს შეუქმნის.

იურისტმა ანა დოლიძემ (რომელიც ამავე დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია) 18 ივლისს ტვ პირველის ეთერში განაცხადა: „სამართლებრივ სივრცეში ამ საკითხის გადასატანად საჭიროა პროფესიული კავშირის შექმნა. „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა უნდა დააარსონ პროფესიული კავშირი. მათ წარმოეშვებათ მთელი რიგი ახალი, კოლექტიური უფლებები, რის მეშვეობითაც მათ ექნებათ გარანტიები, რომ თანაბარ საფუძველზე ესაუბრონ დირექტორს“.

არხის თანამშრომლების პროფკავშირის შექმნა ურჩია ილია ლეჟავამაც, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენელმა. მისი თქმით, ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნას აჯობებს, ტელევიზიის თანამშრომლებმა გარანტიის სახით კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების გაფორმება მოითხოვონ, რაც, მისი თქმით, ინდივიდუალურ ხელშეკრულებაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე დოკუმენტია.

ამ მიზნის მისაღწევად მან ჟურნალისტებს ურჩია, პროფკავშირების გაერთიანებასთან კონსულტაციების შემდეგ დააფუძნონ პროფესიული კავშირი. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ასევე შეეძლებათ, დამსაქმებელთან კანონიერ წარმომადგენლად აირჩიონ ნიკა გვარამია, ყოფილი დირექტორი. ახალი მენეჯმენტი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას გარდა, ყველასთან აპირებს თანამშრომლობის გაგრძელებას. თუმცა, თუკი თანამშრომლები მართლაც დააარსებენ პროფკავშირს და კოლექტიურ დავას დაიწყებენ, გვარამიას წარმომადგენლად არჩევა შეეძლებათ, რადგან შრომის კოდექსის თანახმად, წარმომადგენელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი და მისი არჩევა მინდობილობით ხდება.

როგორც ილია ლეჟავა წერს, თანამშრომლები ასეთ შემთხვევაში შეძლებენ, დაიწყონ კოლექტიური შრომითი დავა კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით.

რა არის კოლექტიური ხელშეკრულება

საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან ერთი ან მეტი დამსაქმებელი ან ერთი ან მეტი დამსაქმებელთა გაერთიანება და ერთი ან მეტი დასაქმებულთა გაერთიანება.

შრომის კოდექსის თანახმადვე,

  1. კოლექტიური ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით.
  2. კოლექტიური ხელშეკრულება იდება განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.
  3. განსაზღვრული ვადით დადებული კოლექტიური ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მისი ძალაში შესვლის და ვადის გასვლის თარიღებს.
  4. განუსაზღვრელი ვადით დადებული კოლექტიური ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მისი გადასინჯვის, შეცვლისა და შეწყვეტის შესახებ დებულებებს.
  5. კოლექტიური ხელშეკრულების არსებობა არ ზღუდავს დამსაქმებლის ან დასაქმებულის უფლებას, შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა, რაც არ იწვევს ამ ხელშეკრულების მონაწილე სხვა დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.
  6. კოლექტიურ ხელშეკრულებაში ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული ხელშეკრულების სუბიექტები.
  7. კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვრცელდება ხელშეკრულების მხარეებზე. თუ კოლექტიური ხელშეკრულება დადებულია დამსაქმებელსა და ერთ ან მეტ დასაქმებულთა გაერთიანებას შორის და ასეთ ერთ ან მეტ დასაქმებულთა გაერთიანებაში გაწევრებულია მოცემულ საწარმოში მომუშავე დასაქმებულთა 50%-ზე მეტი, ამავე საწარმოში მომუშავე ნებისმიერ სხვა დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობით მოსთხოვოს დამსაქმებელს, რომ ისიც გახდეს ასეთი კოლექტიური ხელშეკრულების მხარე. დამსაქმებელი ვალდებულია ასეთი წერილობითი მოთხოვნა დააკმაყოფილოს მისი მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ პუნქტის პირობები არ უკრძალავს სხვა დასაქმებულთა გაერთიანებას, რომელიც აერთიანებს აღნიშნულ საწარმოში მომუშავე დასაქმებულთა 50%-ზე ნაკლებს, რომ დამსაქმებელთან ცალკე აწარმოოს მოლაპარაკება და დადოს ცალკე კოლექტიური ხელშეკრულება.
  8. კოლექტიური ხელშეკრულების დებულებები ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დასაქმებულთა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების განუყოფელი ნაწილია.
  9. ბათილია კოლექტიური ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონს.

კოლექტიური დავის განხილვა და გადაწყვეტა:

შრომის კოდექსის თანახმადვე:

  1. კოლექტიური დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის შემათანხმებელი პროცედურებით, რაც გულისხმობს დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს (სულ მცირე 20 დასაქმებული) ან დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას ან მედიაციას ერთ-ერთი მხარის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისთვის (შემდგომ – მინისტრი) შესაბამისი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში.
  2. მხარე მეორე მხარეს უგზავნის შემათანხმებელი პროცედურების დაწყების შესახებ წერილობით შეტყობინებას, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული დავის წარმოშობის საფუძველი და მხარის მოთხოვნები.
  3. მოლაპარაკებების ნებისმიერ სტადიაზე, შეთანხმების მისაღწევად მხარეს უფლება აქვს, წერილობით მიმართოს მინისტრს მედიაციის დაწყების მიზნით დავის მედიატორის დანიშვნის თაობაზე. წერილობითი შეტყობინება იმავე დღეს გადაეცემა დავის მეორე მხარესაც.
  4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღების საფუძველზე მინისტრი ნიშნავს დავის მედიატორს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დამტკიცებული კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის თანახმად. დავის ნებისმიერ სტადიაზე მინისტრს უფლება აქვს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, მხარის წერილობითი მიმართვის გარეშე, საკუთარი ინიციატივით დანიშნოს დავის მედიატორი, რაც წერილობით უნდა ეცნობოს მხარეებს.
  5. დავის ნებისმიერ სტადიაზე მინისტრს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება შემათანხმებელი პროცედურების შეწყვეტის შესახებ.
  6. მხარეები ვალდებული არიან, მონაწილეობა მიიღონ შემათანხმებელ პროცედურებში და დაესწრონ ამ მიზნით დავის მედიატორის მიერ გამართულ შეხვედრებს.
  7. მინისტრის მოთხოვნის შემთხვევაში დავის მედიატორი ვალდებულია გაუგზავნოს მას ანგარიში დავასთან დაკავშირებით.
  8. დავის ნებისმიერ სტადიაზე მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ დავის არბიტრაჟისათვის გადაცემაზე.
  9. დავის მედიატორი ვალდებულია არ გაამჟღავნოს ინფორმაცია ან დოკუმენტი, რომელიც მისთვის, როგორც დავის მედიატორისთვის, გახდა ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი