ახალი ამბები

დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას – ადმინისტრაცია ზურაბიშვილის შვებულებაზე

20 აგვისტო, 2019 • 766
დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას – ადმინისტრაცია ზურაბიშვილის შვებულებაზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის შვებულებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

“პრეზიდენტი თავის შვილებთან ერთად ქალაქგარეთ იყო გასული. ის, როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები, დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას, კონტაქტში იყო თავის ადმინისტრაციასთან, საგარეო და შინაგან საქმეთა უწყებებთან და თავის უცხოელ კოლეგებთან. მოგეხსენებათ თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით ეს შესაძლებელია”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომენტარში, რომელიც მედიას წერილობით მიაწოდეს.

საქართველოს პრეზიდენტის შვებულება საზოგადოების ნაწილის კრიტიკის საგანი გახდა იმ ფონზე, როდესაც სალომე ზურაბიშვილი არ ჩასულა გუგუტიანთკარში, სადაც 7 აგვისტოდან საოკუპაციო ძალები მავთულხლართებს ამონტაჟებენ. ამავდროულად, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი “ლოპოტაზე” ისვენებს.

სალომე ზურაბიშვილს გუგუტიანკარში მიმდინარე პროცესებზე არც განცხადება გაუვრცელებია, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, იგი კონტაქტში იმყოფება უცხოელ პარტნიორებთან და მათ აწვდის დეტალურ ინფორმაციას არსებულ ვითარებაზე.

“საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებს შორის შედგა საუბარი. ეს არის პრეზიდენტისთვის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. ამ დღეებში სხვადასხვა ფორმით კონტაქტში იმყოფებოდა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და მათ აწვდის დეტალურ ინფორმაციას არსებულ ვითარებაზე. გარდა ესტონეთისა, ასეთი კონტაქტები შედგა პოლონეთის, ლიეტუვას (ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა), საფრანგეთის, ევროკავშირის პრეზიდენტებსა და მათ ადმინისტრაციებს შორის. ამავდროულად, პრეზიდენტი ემზადება თავის გამოსვლებისთვის ვილნიუსის საერთაშორისო კონფერენციაზე, პარიზის MEDEF-ის საზაფხულო უნივერსიტეტში და ვარშავის საერთაშორისო შეხვედრისთვის. ყველა ამ გამოსვლაზე თუ შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. პრეზიდენტის აქტიურობის მთავარი მიზანია ჩვენი პარტნიორების დახმარების მოპოვება სიტუაციის განმუხტვისათვის”, – აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი