ახალი ამბები

რ2-ში საკადრო წმენდის გადაწყვეტილება ხელისუფლების მიღებულია — მელაძე

20 აგვისტო, 2019 • 2909
რ2-ში საკადრო წმენდის გადაწყვეტილება ხელისუფლების მიღებულია — მელაძე

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უკვე ყოფილი უფროსი, ნოდარ მელაძე, აცხადებს, რომ არხზე „საკადრო წმენდის“ გადაწყვეტილება ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიღებულია.

მელაძის ამ განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ თქვა, რომ მელაძეს, ასევე, ტელეწამყვანებს, ეკა კვესიტაძეს, ნანუკა ჟორჟოლიანს, გიორგი გაბუნიასა და არხის პოლიტიკური შოუების პროდიუსერ გიორგი ლაფერაშვილს, სამსახურიდან ათავისუფლებდა.

„დღეს პაატა სალიამ ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე დამიძახა და მითხრა, რომ გათავისუფლებული ვარ სამსახურიდან და ეს არის ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება… რა თქმა უნდა, ეს არ იყო დღეს მიღებული გადაწყვეტილება“, — თქვა მელაძემ. მისი თქმით, ჯერ მასთან არაფორმალური მოლაპარაკება სცადეს, შემდეგ — ზეწოლისთვის ფინანსური ბერკეტის გამოყენება, საბოლოოდ კი გაათავისუფლეს:

ორი კვირის წინ ჩემთან ჰქონდათ შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილ წარმომადგენელს, რომელიც იყო პირდაპირ კავშირზე. მისი პოზიცია იყო, რომ არ უნდათ რ2-სგან „იმედის გაკეთება“ და კრიტიკის რაღაც დოზა დარჩება; მე არ შემეხებოდნენ, მაგრამ უბრალოდ უნდა მიმეცა მათთვის საკომუნიკაციო არხი. იქნებოდა ადამიანი, – როგორც მითხრეს, არც კოკა ყანდიაშვილი და არც ლაშა ნაცვლიშვილი, რომელთანაც უნდა გამევლო კონსულტაცია და ამის მიხედვით დამეგეგმა გამოშვებები“;

მელაძემ ასევე თქვა: „საინფორმაციო სამსახურის უფროსი გეგმავს ყველა გამოშვებას, აქედან გამომდინარე, მათთვის მარტივი იქნებოდა, რომ ამას დავთანხმდებოდი: ოფიციალურად ისე გამოჩნდებოდა, რომ ისევ მე ვიყავი საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მაშასადამე, არ შეიცვლებოდა სარედაქციო პოლიტიკა, თუმცა „ჩამოიწეოდა ტემპერატურა“… მათ ასევე მითხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედიოდა გარკვეული ჩინოვნიკების შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით რეპორტაჟების მომზადება, რადგან „ის თავად ებრძვის ბიუჯეტის ქურდებს“, თუმცა იყო თემები, რასაც ჩვენ არ უნდა გავკარებოდით. ამ წინადადებაზე, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი“. მელაძეს არ დაუსახელებია, თუ ვის შეხვდა კონკრეტულად და ვინ შესთავაზა ეს წინადადება.

„ამის შემდეგ, რაც არაფორმალურ გარიგებაზე უარი ვთქვმი, დაიწყო ზეწოლის მეორე ტალღა უშუალოდ ქიბარ ხალვაშის მხრიდან“, — ამბობს მელაძე. „პაატა სალიამ გაყინა ჩემი ხელფასი. დღეს 20 აგვისტოა, მე კი ივლისის ხელფასი ჩარიცხული არ მაქვს… პასუხებს ვიღებდი, რომ არხზე ფინანსური პრობლემაა, დღეს-ხვალ ჩამერიცხება და ა.შ. ორი კვირის წინ პაატა სალიამ მითხრა, რომ „კაცურად“ მიმეცა მისთვის ორი დღე და ამ პრობლემას მოაგვარებდა, თუმცა იცრუა და დღეს გამათავისუფლა“.

„რაც შეეხება მოტივს — სალია ამბობს, რომ ვარ ბმაში ნიკა გვარამიასთან იმიტომ, რომ 2016 წელს სახელფასო ბონუსი მაქვს მიღებული ნიკა გვარამიასგან. ნიკა გვარამია იყო დირექტორი და შესაბამისად ბონუსსაც ის გასცემდა, ძალიან მარტივია. კერძო კომპანია მის თანამშრომელს, რომელიც ქმნის მაღალრეიტინგულ სატელევიზიო პროდუქტს, რომლის ერთ წუთსაც ტელევიზია ყიდის 15 000 აშშ დოლარად, ბონუსს გამოუწერს ან არ გამოუწერს, ეს არის დირექტორის გადასაწყვეტი“, — თქვა მელაძემ.

„დღეს პაატა სალიამ … მითხრა, რომ 2016 წელს აღებული ბონუსი არის სამსახურიდან ჩემი გათავისუფლების საფუძველი. ეს არის ბოდვა… ჯერ სცადეს, შეექმნათ ჩემგან ფასადური წარმომადგენელი, რომელიც ვითომ იგივე დარჩა და მე დავიწყებდი კურიერის ცენზურას. ძალიან ბოდიში, მაგრამ არა, არ გავაკეთებ ამ ამბავს. შემდეგ იყო ზეწოლა ხელფასით, [იმ მოლოდინით], რომ ნერვები მიმტყუვნებდა და დავთანხმდებოდი მათ და ფინანსურ წნეხს დავყვებოდი, ოღონდ ხელფასი გადაეხადათ და შევიდოდი მათთან თანამშრომლობაში“, — უთხრა მელაძემ ჟურნალისტებს.

ნოდარ მელაძე თითქმის 6 წლის განმავლობაში მუშაობდა „რუსთავი 2“-ზე. ორი წლისა და რამდენიმე თვის განმავლობაში კი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა. ამ პერიოდს მელაძემ ყველაზე საამაყო პერიოდი უწოდა მის სატელევიზიო კარიერაში.

სალია მელაძეს, გაბუნიას, კვესიტაძეს და სხვებს R2-დან ათავისუფლებს

მასალების გადაბეჭდვის წესი