საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე, რომელიც გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, ამბობს რომ ოქმზე ხელი არ მოუწერია.
“დღევანდელ ოქმზე მე ჯერ ხელი არ მომიწერია. რაზეც ვასუხობდი ის აზრი არ არის ისე ასახული, როგორც ჩემთვის მისაღები იქნება”, – განაცხადა გეგიძემ და დასძინა, რომ მისი უფლებაა, ოქმში შესწორებები შეიტანოს, რათა აზრი უფრო გამართულად გადმოსცეს.
მისი თქმით, გამომძიებლებმა სტანდარტული კითხვები დაუსვეს, რომელიც „საქართველოს ფოსტაში“ მის საქმიანობას ეხებოდა.
“ეს ეხება „საქართველოს ფოსტის“ ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციას, რა დროსაც ხდებოდა ფოსტის კუთვნილებაში ქონების აუქციონის წესით ყიდვა. აუქციონს ატარებდა სახელმწიფო და ფოსტაში ხდებოდა აუქციონზე შესატანი ობიექტების სიის მომზადება. კითხვები იყო, როგორ ხდებოდა ამ ობიექტების შეფასება, ფასების ცვლილებები და ა.შ. თანხის გაფლანგვაზე კითხვები და ბრალდების მსგავსი არ ყოფილა. ეს იყო გამოკითხვა, ვიყავი მოწმის სტატუსით“, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.
სუს-ის ინფორმაციით, ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ბიძინა გეგიძე მოწმის სახით გამოკითხვაზე გუშინ, 19 აგვისტოს დაიბარეს. გეგიძე აღნიშნულს თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს, კერძოდ, ყოფილი პრემიერი-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მხარდაჭერას და მმართველი გუნდის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.
ამავე თემაზე:
დეპუტატი ბიძინა გეგიძე სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე დაიბარეს