ახალი ამბები

2,4 მილიონი ლარი ეროვნული ბანკის ახალი ოფისის დაპროექტებისა და მშენებლობის ზედამხედველისთვის

20 აგვისტო, 2019 • 1588
2,4 მილიონი ლარი ეროვნული ბანკის ახალი ოფისის დაპროექტებისა და მშენებლობის ზედამხედველისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი სათაო ოფისის პროექტირების პროცესისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე ეროვნულმა ბანკმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 460 000 ლარია.

ტენდერში გამარჯვებულს ძირითადად ევალება ეროვნული ბანკის ახალი სათაო ოფისის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე ზედამხედველობა; მშენებლობის განმახორციელებელი კონტრაქტორი კომპანიის შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება; ასევე მან კონტროლი უნდა გაუწიოს სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში სამშენებლო ნორმებისა და წესების, ტექნიკური პირობების და მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობის დაცვას და სხვ.

შენობის პროექტირებაზე ტენდერი ჯერ გამოცხადებული არ არის. მშენებლობის სავარაუდო ღირებულება კი 50 მილიონი ლარია.

ეროვნული ბანკის ახალი ოფისი თბილისში, ცირკსა და მდინარე მტკვარს შორის [ყოფილ რესტორან „არაგვის“ მიმდებარედ] არსებულ 8 779 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთზე აშენდება. ეს ნაკვეთი ეროვნული ბანკის საკუთრებაშია 2019 წლის 26 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე [ტერიტორია აქამდე შპს „სითი ცენტრის“ საკუთრებაში იყო]. ეროვნული ბანკის A კლასის ახალი სათაო ოფისის შენობის ფართობი კი, ჯამში, 17 000 კვ/მ იქნება.

ახალი სათავო ოფისის შენობა 38-44 თვეში უნდა აშენდეს. შესაბამისად, მიმდინარე ტენდერით შერჩეული ზედამხედველის მიერ მომსახურეობის გაწევის სავარაუდო ვადაც 38-44 თვეა. მათ შორის: პროექტირების ეტაპი – სავარაუდოდ 6 თვე; სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელი კონტრაქტორის შერჩევის [ტენდერი] ეტაპი – სავარაუდოდ 2 თვე და მშენებლობის ეტაპი – სავარაუდოდ 30-36 თვე.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი