ახალი ამბები

ზალკალიანი: ამჟამად გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვა შეჩერებულია

16 აგვისტო, 2019 • 902
ზალკალიანი: ამჟამად გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვა შეჩერებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, 7 აგვისტოდან, საგარეო უწყებამ აამოქმედა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და ყველაფერი გააკეთა ადგილზე სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

“როგორც ცნობილია, ამჟამად გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი შეჩერებულია, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა სწორედ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულმა თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა. ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს ადგილზე ვითარების მიმდინარეობას, კავშირზე ვრჩებით საერთაშორისო პარტნიორებთან და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უკანონო პოლიტიკა”, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ თბილისში დიპლომატები, რომლებიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმყოფებოდნენ გუგუტიანთკარში.

“საერთაშორისო წარმომადგენელთა შეფასებები და პრინციპული პოზიცია არის ზუსტად დიპლომატიური ზეწოლის ის მექანიზმი, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედების შეჩერების და პრევენციის პროცესში”, – დასძინა ზალკალიანმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გუგუტიანთკარში უკანონო “ბორდერიზაციის” სამუშაოები 7 აგვისტოს დაიწყეს. მოგვიანებით სამუშაოები ორი დღით შეწყდა, თუმცა 14 აგვისტოდან კვლავ განახლდა. დღეს გუგუტიანთკარში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

როგორც სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, მავთულხართებს მიღმა მოექცა ორი ოჯახის სახლი და ხეხილის ბაღები.

ამავე თემაზე:

გუგუტიანთკარში დიპლომატები ჩავიდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი