ახალი ამბები

გუგუტიანთკარში დიპლომატები ჩავიდნენ

16 აგვისტო, 2019 • 1211
გუგუტიანთკარში დიპლომატები ჩავიდნენ

სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მავთულხლართებს ავლებენ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჩავიდნენ.

ადგილზე იმყოფებიან ავსტრიის, ბულგარეთის, ბრაზილიის, ისრაელის, ესტონეთის, იაპონიისა და ლატვიის ელჩები, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი კარლო ნატალე და დაახლობით 20 დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუგუტიანთკარში იმყოფება თითქმის ყველა ელჩი, ვინც ამ დროისთვის საქართველოშია.

“ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია ე.წ. ბორდერიზაციის აქტივობებით. ჩვენ ვხედავთ რისკს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომ ეს იმოქმედებს მათ გადაადგილების თავისუფლებაზე. ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს მტკიცედ და ჩვენ აქ ვართ, რომ ჩვენი სოლიდარობა ვაჩვენოს საქართველოს ხელისუფლებისადმი”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კარლო ნატალემ.

საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება დიპლომატებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გააცნეს.

“რუსეთი ახორციელებს ბორდერიზაციის პროცესს ზეწოლის მიზნით. რუსეთს უნდა ჰკითხოთ, რას აპირებს მომავალში… საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო დღის წესრიგში ოკუპაციის საკითხი იდგეს პირველ პლანზე და მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდის განმავლობაში გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს გაგახსენებთ. საერთაშორისო ზეწოლა არის ის ძირითადი განმაპირობებელი, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ გადადგას ნაბიჯი უკან”, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

14 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გავლების პროცესი განაახლა. შედეგად საოკუპაციო ხაზს მიღმა ექცევა რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები. მათ ტერიტორიის დასაცლელად სამდღიანი ვადა მიეცათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი