ახალი ამბები

რატომ პატიობენ დავალიანებას დიდ ტელევიზიებს – მცირე არხები დისკრიმინაციას აპროტესტებენ

15 აგვისტო, 2019 • 2258
რატომ პატიობენ დავალიანებას დიდ ტელევიზიებს – მცირე არხები დისკრიმინაციას აპროტესტებენ

მცირე ზომის ტელეარხები, რომლებიც გადასახადებს ბიუჯეტში წლებია, პატიოსნად იხდიან და დავალიანებას არ (ვერ) აგროვებენ, მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება იქცევა დისკრიმინაციულად, როდესაც დიდი ზომის ტელეარხებს გადასახადს არ ახდევინებს.

სამ ტელევიზიას სახელმწიფო ბიუჯეტის 55 მილიონი მართებს. ფინანსთა სამინისტროს მიერ უკვე ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, გადასახადების გადაუხდელობის გამო ყველაზე მსხვილი დავალიანება ერიცხებათ:

  • “რუსთავი 2”-ს – დაახლოებით 28 მილიონი;
  • “იმედს” – დაახლოებით 19 მილიონი;
  • “მაესტროს” – 8 მილიონზე მეტი.

აღნიშნული დავალიანება 2016 წლის შემდეგ არის დაგროვილი. მანამდე, 2010-2012 წლებში ტელეკომპანიებს არაერთხელ ჩამოეწერათ დაგროვილი დავალიანება, რითაც, უპირველეს ყოვლისა, ბაზრის ლიდერმა ტელევიზიებმა მიიღეს სარგებელი.

“მედიაჩექერის” ინფორმაციით, 2010 წელს, ქართულ ტელევიზიებს 36 მილიონი ლარი ჩამოეწერათ, რომლიდანაც 25 მილიონი “რუსთავი 2”-სა და “იმედზე” მოდიოდა, 9 მილიონი კი – საზოგადოებრივ მაუწყებელზე; 2012 წლის ოქტომბერში გამოცხადებული საგადასახადო ამნისტიის დროს კი ტელეკომპანია “იმედის” საგადასახადო დავალიანება 13 მლნ ლარს სცდებოდა, “რუსთავი 2”-ის კი – 5 მილიონს; 2015 წელს, მთავრობის განკარგულებით, 16-მილიონიანი ვალი ჩამოეწერა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ტელევიზიების მიმდინარე დავალიანებების თემა “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე გააქტიურდა. გუშინ, 14 აგვისტოს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დავალიანების მქონე ტელევიზიებს თვის ბოლომდე მისცა ვადა, რომ ვალის რესტრუქტურიზაციაზე წინადადებები წარმოადგინონ.

“საქართველოში, სამწუხაროდ, არის მანკიერი პრაქტიკა, როცა ტელეკომპანიები იგროვებდნენ ვალს და მერე ხდებოდა რაღაც ამნისტიისმაგვარი. მე მგონია, დადგა დრო, ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გასწორდეს”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

“რუსთავი 2”-ის მიერ დავალიანების დაგროვებას კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიაზე დადებული ყადაღით ხსნის, “იმედი” კი, რომელიც “მაესტროსთან” ერთ ჰოლდინგში ერთაინდება – სამაწუყებლო საქმიანობისთვის დამახასიათებელი ხარჯებით და “რუსთავი 2”-ის მიერ გადასახადების გადაუხდელობით.

“კონკურენციას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ შენი კონკურენტი წყვეტს გადასახადების გადახდას და ეს ძალიან დიდ ხანს გრძელდება. ეს საკმაოდ არათანაბარ მდგომარეობაში გაყენებს”, – განაცხადა ტელეკომპანია “იმედის” იურისტმა ანდრო ლაშხმა.

მცირებიუჯეტიანი ტელევიზიების პროტესტი

ტელევიზიები, რომლებიც წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად იხდიდნენ გადასახადებს და ვალი არ დაუგროვებიათ, სატელევიზიო სივრცეში არასამართლიან კონკურენციაზე მიუთითებენ და კატეგორიული წინააღმდეგნი არიან, ბაზრის ლიდერ ტელევიზიებს მილიონობით ლარის ოდენობის დავალიანება კიდევ ერთხელ ჩამოეწეროთ.

ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ იურისტებთან გადის კონსულტაციებს და თუკი შესაძლებელი იქნება, ტელევიზიებისთვის არათანაბარი პირობების შექმნის საკითხს გაასაჩივრებს.

ნინო ჯანგირაშვილის თქმით, “რუსთავი 2”-ის, “იმედის” და “მაესტროს” ვალის ერთ წელზე მეტი ვადით რესტრუქტურიზაცია მის მიერ აღქმული იქნება როგორც ვალების პატიება და ამ დიდ უსამართლობას არ დაუშვებს – თვითონაც შეწყვეტს გადასახადების გადახდას და უკვე გადახდილი გადასახადების უკან დაბრუნებას მოითხოვს.

2010 წელს იყო ასეთი შემთხვევა ამნისტიის, რომლითაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, “რუსთავი 2”-მა და  “იმედმა” იხეირეს. მაშინ ხელისუფლებისგან აბსოლუტურად ცინიკური პასუხი მივიღეთ – თქვენც დაგეგროვებინათ ვალი და გაპატიებთო. როგორ უნდა დამეგროვებინა, როცა 2 ლარის დავალიანებაზე ინკასოს მადებენ და თვითონ აჭრიან ანგარიშიდან თანხას?

2012 წელს, “ნაციონალურმა მოძრაობამ” წასვლის წინ გამოაცხადა მორიგი ამნისტია, ივანიშვილის ხელისუფლებას შეეძლო ანულირება გაეკეთებინა, მაგრამ არ გააკეთა, ვინაიდან მაშინ “იმედი” უკვე მათ ხელში გადადიოდა. ე.ი. მე გამოვდივარ აბსოლუტური დებილი და ჩემნაირები, ვინ პატიოსნად ვიხდით გადასახადებს. წლების მანძილზე ბიუჯეტში გადახდილი თანხით შესანიშნავ ტექნიკურ რეორგანიზაციას გავაკეთებდი. შეიძლება ისეთ მდგომარეობაში ვიყო, საწვავი ვერ ჩავასხა და გადაღებაზე ვერ გავიდე, მაგრამ მაგრამ ბიუჯეტში გადასახადებს ვიხდი. ისინი კი რატომაც არ იქნებიან ლიდერები, როცა ამ ვალდებულებისგანაც თავისუფლები არიან”, – განაცხადა ჯანგირაშვილმა.

“კავკასიის” გენერალური დირექტორის თქმით, ეთანხმება თუ არა, მისთვის გასაგებია “რუსთავი 2”-ის არგუმენტი, რატომ არ იხდიდა გადასახადებს, მაგრამ გაუგებარია, რა მიზეზი ჰქონდა ტელეკომპანია “იმედს”.

ნინო ჯანგირაშვილი მოითხოვს, ვალის რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკაბები მხოლოდ დავალიანების მქონე ტელეკომპანებთან არ წარიმართოს და ეს პროცესი ღია იყოს ყველა მედიასაშაულებისთვის და ასევე, მედიის განვითარების კოალიციისთვის. 

“მე არ ვამბობ, რომ დღესვე გადაიხადონ დავალიანება, მაგრამ ერთწლიანი ვადა აბსოლუტურად საკმარისია, რომ  დაფარონ ეს გადასახადი – მათზე მოდის სარეკლამო ბაზრის უდიდესი წილი, აქვთ უამრავი მატერიალური აქტივი, ჰყავთ მილიონერი დამფუძნებლები და დამფუძნებლების უკან მდგომი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. მოვითხოვ პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას.ეს არ არის ორ პირს შორის მოლაპარაკების საკითხი, გახსნან დისკუსია და ყველა დანარჩენი მოთამაშე ჩართონ”, – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ მიიჩნია ხელისუფლებამ აუცილებლად 2016 წლიდან დაგროვილი გადასახადების საკითხის გადაწყვიტა ახლა, როდესაც “რუსთავი 2”-ის გაყიდვა დგას დღის წესრიგში, ჯანგირაშვილი ამბობს:

“ადრე თუ გვიან ეს თემა გაიხსნებოდა. ყველამ იცოდა ამ დავალიანების არსებობის შესახებ, უბრალოდ დაზუსტებული მონაცემები არ გვქონდა და “მაესტროს” დავალიანების შესახებ არ ვიცოდი, მაგრამ ისედაც ყველა ვაპირებდით ამ თემის მოკითხვას. ხელისუფლებას კი, ალბათ უნდა, ახლა მოიშოროს ეს პრობლემა, სანამ “რუსთავი 2″ გასხვისდება და კიდევ უფრო ცხადი გახდება ის, რაც ისედაც ცხადია, რომ ეს ტელეკომპანიაც ივანიშვილისაა. ალბათ, ფიქრობენ, მერე ცუდად არ გამოუვიდეთ, რომ  ივანიშვილის 3 არხს ბიუჯეტის ფული აპატიეს”.

ნანა აბურჯანიძე

დავალიანება არ დაუგროვებია ტელეკომპანია “პირველსაც”, რომლიც კომერციული დირექტორი ნანა აბურჯანიძე უსამართლოდ მიიჩნევს ინიციატივას, სამი ტელეკომპანიისთვის ვალის რესტრუქტურიზაციის და მით უმეტეს, შესაძლო ჩამოწერის შესახებ.

ჩვენ ყოველთვის ვიხდით გადასახადებს და არასოდეს არანაირი ვალი არ დაგვიგროვებია.  ამის ფუფუნება არც გვქონია, რომ დადგვეგროვებინა და მერე ეპატიებიათ. ასეთ მიდგომას ყოველთვის ვაპროტესტებდით. ძალიან უსამართლო იქნება რესტრუქტურიზაცია ახლაც, რატომ უნდა მოხდეს? ყველა ვალდებულია, გადასახადები გადაიხადოს და სახელმწიფოს მხრიდან გამორჩევითი მიდგომა არ უნდა არსებობდეს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” აბურჯანიძემ.

“რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ხელძღვანელი ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ მაღალბიუჯეტიანი ტელევიზიებისთვის გადასახადების (საშემოსავლო და დღგ, ასევე მოგების გადასახადი წელიწადში ერთხელ) პატიების მახინჯ პრაქტიკას სამართლიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს მაშინ, როცა სხვა ტელეკომპანიებს თუნდაც 1 ლარის დავალიანების შემთხვევაში ავტომატურად ინკასო ედებათ. კუპრაშვილს მაგალითად მოჰყავს ფოთის “მეცხრე ტალღა”, რომელსაც ინკასო დაედო 200 ლარის გამო.

“მცირებიუჯეტიანი, დამოუკიდებელი მედიები დაზარალდნენ იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ისინი იმყოფებოდნენ განსხვავებულ საგადასახადო პოლიტიკაში და მაშინვე ედებოდათ ინკასო, არ ჰქონდათ არანაირი საშეღავათო პერიოდი. და მეორე – დამოუკიდებელი მედიები ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის საგრანტო თანხებით სულდგმულობდნენ. საგრანტო თანხებს საგადასახადო კუთხით ამ ქვეყანაში არანაირი შეღავათი არ შეეხო, სამაგიეროდ შეეხო საპენსიო გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი… ყველა ნაბიჯი, რაც იდგმებოდა გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით, ეხებოდა ამ არხებს, ინდულგენცია და პატიება კი – მხოლოდ პოლიტიკურად მიკერძოებულ არხებს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” კუპრაშვილმა.

მისი თქმით, ყველა მთავრობის მიდგომა აჩვენებს, რომ თუ ხარ მიკერძოებული, პოლიტიკურად ანგაჟირებული მედია, ყველაფერი გეპატიება.

“ფიზიკურად შეუძლებელია რომ დააგროვო გადასახადი ჩვენს ქვეყანაში. ვალების დაგროვების ეს მაგალითი აჩვენებს, რომ სამი წლის წინ, როცა “რუსთავი 2”-მა პირველად არ გადაიხადა გადასახადი, გადაწყვიტეს, არ შეემჩნიათ ეს ამბავი და მისცეს ვალების დაგროვების საშუალება. აქვე, არ მესმის არგუმენტი, რომ ყადაღა იყო დადებული და ამიტომ ვერ იხდიდნენ.

ტვ 25-ის მეპატრონის ქონებასაც ადევს ყადაღა, მაგრამ მისთვის არავის უპატიებია ერთი ლარიც კი და თანამშრომლების მიმართ არსებული თვეების დავალიანების გასტუმრება უწევს. თუმცა ეს მაინც განსხვავებული რეჟიმია, ვიდრე “იმედის” მდგომარეობა. მას არანაირი ყადაღა არ ედო და მაინც არ იხდიდა გადასახადებს. ასეთი იყო “იბერიაც”, რომელსაც არავინ ახსენებს და ისიც აგროვებდა დავალიანებას, სანამ მის მეპატრონეს კავშირი ჰქონდა “პატრიოტთა ალიანსთან”, – განაცხადა კუპრაშვილმა.

მისი თქმით, “რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი” სამი წელია საუბრობს აღნიშნულ პრობლემაზე, მაგრამ მის წევრებს არასოდეს მოუთხოვიათ, საშეღავათო პერიოდი მიეცათ საგადასახადო კუთხით იმიტომ, რომ როგორც კუპრაშვილი განმარტავს, უხერხულია რეპორტაჟებს აკეთებდე სოციალური სიდუხჭირის შესახებ და ბიუჯეტში გადასახადებს არ იხდიდე.

ნათია კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ “რუსთავი 2”-ს დავალიანების დაგორვების საშუალებას აძლევდნენ იმიტომ, რომ ელოდებოდნენ მესაკუთრის შეცვლას და ალბათ სჭირდებოდათ, არხი ამ დროისთვის ვალებში ყოფილიყო.

ნათია კუპრაშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პრაქტიკა 2012 წლის შემდეგ გააგრძელა “ქართულმა ოცნებამაც”, როცა 2012 წელს დაუდასტურა წინა ხელისუფლებას საგადასახადო ამნისტიის გადაწყვეტილება, 2015 წელს კი საზოგადოებრივ მაუწყებელს 16 მილიონამდე ვალი ჩამოაწერა.

“ესეც ნიშნავს, თუ რა არათანაბარ პირობებს ქმნიან მთავრობები მედიისთვის და ეს არის წნეხი მედიაზე, სხვა კი არაფერი. როდესაც საუბრობენ, სად არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, სწორედ აქ არის პასუხისმგებლობა, მათ შორის, მოქმედი ხელისუფლებისაც. ვისაც არ უნდა ჰკითხო ბიზნესში, ყველა გეტყვის, რომ ასეთი არათანაბარი პირობები არის მკვლელი პირობები”, – განაცხადა კუპრაშვილმა.

ჩამოყალიბებული პრაქტიკა რომ უსამართლოა პატარა ტელევიზიების მიმართ, რომლებიც კეთილსინდისიერად იხდიან გადასახადებს, იზიარებს ფინანსთა მინისტრიც. ვანო მაჭავარიანს არ უთქვამს, ამჯერადაც აპირებს თუ არა სახელმწიფო ვალის სრულად პატიებას. მისი თქმით, რა ფორმით მოხდება რესტრუქტურიზაცია, ეს იქნება საგადასახადო შეთანხმება, გრაფიკი თუ სხვა, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად პასუხისმგებლიანად მოეკიდებიან გადამხდელები ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების თვის ბოლომდე წარდგენისა და მიმდინარე გადასახადების დაფარვის ვალდებულებას.

ამავე თემაზე:

ტელევიზიებს ვალის რესტრუქტურიზაციაზე წინადადებების წარდგენის ვადა თვის ბოლომდე მიეცათ

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი