რა არ შეიცვალა – პრემია მაინც პრემიად რჩება
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ბოლო წლების პრაქტიკა 2014 წლის ბოლოსაც შეინარჩუნეს – საახალწლოდ პრემიები დაირიგეს. ამ მიზნით აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბათუმის ბიუჯეტიდან 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
ოთხი სამინისტროდან, აჭარის მთავრობის აპარატიდან, ბათუმის მერიიდან და საკრებულოდან მიღებული მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აჭარის ხელისუფლების წევრებს შორის, განსხვავებული და განსაკუთრებული საქმიანობა შესრულებული უნდა ჰქონდეს ერთადერთ საჯარო პირს, – ეს მოხელე არის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იონა წითელაძე, რომელიც შიგადაშიგ, მინისტრის არყოფნის დროს, მინისტრის მოვალეობასაც ასრულებდა. იონა წითელაძეს 2014 წლის დეკემბერში პრემიის სახით 4 047 ლარი აქვს მიღებული. ამ ოდენობის პრემია აჭარის ხელისუფლებაში სხვას არავის მიუღია.
„ბათუმელები“ დაინტერესდა რა საქმის შესრულებისთვის დაიმსახურა იონა წითელაძემ, მაგალითად, თანამდებობრივად მასზე მაღლა მდგომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეზე ან თუნდაც ოთხივე მინისტრზე მაღალი პრემია. მინისტრის მოადგილემ სატელეფონო კომენტარში თქვა, რომ `საკუთარ თავზე ლაპარაკი უჭირს“ და „მოგვეხსენება ფინანსთა სამინისტროს მუშაობის სპეციპიკა“.
მინისტრის მოადგილემ „ბათუმელებს“ შესთავაზა მისი საქმიანობის შესაფასებლად მის უშუალო ხელმძღვანელს – დავით ბალაძეს მივმართოთ.
სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იონა წითელაძე არ არის ერთადერთი მოხელე, ვისაც მინისტრ დავით ბალაძეზე მეტი პრემია მიუღია, მაგალითად, მინისტრის ორ მოადგილეს – რამაზ და ბესიკ ბოლქვაძეებს 3700 და 3120 ლარი აქვთ მიღებული პრემიის სახით. მინისტრზე მაღალი პრემია მიუღია საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსს – თეა ჯაიანსაც (2926 ლარი), ხოლო თავად მინისტრის პრემია გასულ დეკემბერს 2700 ლარი ყოფილა.
აჭარის ფინანსთა სამინისტროს დეკემბრის თვეში, თავისი თანამშრომლების პრემიებში სულ 142 454 ლარი აქვს დახარჯული.
პრემიები სრულიად განსხვავებულად გადაანაწილა დეკემბრის თვეში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ: ყველა თანამშრომელს – მინისტრით დაწყებული და მძღოლით დამთავრებული – საახალწლოდ პრემიის სახით მხოლოდ 210 ლარი აქვს მიღებული. მსგავსი მიდგომა არც ერთ საჯარო დაწესებულებაში არ გვხვდება (აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯამში, გასული წლის დეკემბრის თვეში, 13 218 ლარი დაუხარჯია პრემიებისთვის. იმავე თვეში ხელფასებში გაცემული თანხა – 64 885 ლარია).
„ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ ამ ფაქტმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებში უკმაყოფილება გამოიწვია. მინისტრი ზაურ ფუტკარაძე სამინისტროში მიღებულ „საახალწლო გადაწყვეტილებას“ ასე აყალიბებს: „წლის ბოლოს ჩვენ შევაჯამეთ რა შესაძლებლობა გვქონდა. მთელი წელი ჩვენი სამსახურები ასრულებდნენ მოვალეობას, ამიტომ არ დაგვიტოვებია თანხა საპრემიოდ. ის, რაც გვქონდა, როგორც იტყვიან – ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყო, ამ პრინციპით ვიმოქმედეთ. შეიძლება თანაბარი გადანაწილება არ იყო სწორი, მაგრამ ამ წლიდან შრომის მიხედვით გადანაწილდება. ჩვენ ვიცოდით, რომ წელს სახელფასო ბადე იქნებოდა განსხვავებული და ამ საკითხს მივუდექით ჰუმანურად – თანხა გადავანაწილეთ პროპორციულად. ამ წლიდან მე აღარ მექნება პრემია, არც მოადგილეებსა და თანაშემწეებს. პრემია გადანაწილდება მუშა ჯგუფზე“.
2015 წლიდან აჭარის მაღალი თანამდებობის პირები მართლაც არ მიიღებენ პრემიას – ამიერიდან საკითხი მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით დარეგულირდება. ახალი ბრძანების მიხედვით მაღალი თანამდებობის პირები ხელფასთან ერთად მიიღებენ ხელფასის 75% დანამატსაც, ხოლო რიგითი საჯარო მოხელეები – ხელფასის ოდენობის 40%-იან დანამატს. ამ მონაცემებს ციფრეში თუ გადავიყვანთ, ფინანსთა სამინისტროს რიგითი თანამშრომლების ჩუმი წუხილი, რომ მომატების ნაცვლად მათ შემოსავლები აკლდებათ, დასტურდება. ასე, მაგალითად, თუ წინა წლებში მინისტრი ყოველკვარტალურად (პრემია ხელფასი) 13 500 ლარს იღებდა, წელს, ახალი რეგულაციების შესაბამისად, ყოველკვარტალურად, მისი შემოსავალი, დანამატის ჩათვლით, 14 175 ლარამდე გაიზრდება. ხოლო საჯარო სამსახურში მომუშავე მთავარი სპეციალისტის აქამდე არსებული ყოველკვარტალური შემოსავალი – 5350 ლარი (პრემია და ხელფასი), ახალი რეგულაციებით 4 494 ლარამდე შემცირდება (ხელფასი და დანამატი).
ისევ პრემიებს რომ დავუბრუნდეთ: ბათუმის მერიაში გასული წლის დეკემბერში 413 მოხელეს მიუღია პრემია. ამ მიზნით დახარჯულია 325 080 ლარი. მერიის მიერ პრემიების გაცემის თვალსაზრისით განსხვავებული მიდგომები არ გვხვდება – ყველაზე მაღალი პრემია ქალაქის მერს გიორგი ერმაკოვს აქვს აღებული – 2 750 ლარი. გიორგი ერმაკოვთან ერთად სამი ვიცე-მერი მუშაობს – ბაგრატ მანველიძე, ზურაბ ბერიძე და ალექსანდრე მითაიშვილი. ვიცე-მერების საპრემიო თანხა ორი ათას ლარზე მეტია. მერიის უფროსი სპეციალისტებისა და წამყვანი სპეციალისტების საპრემიო განაკვეთი 540-დან 600 ლარის ფარგლებში მერყეობს, მთავარი სპეციალისტებისთვის ეს განაკვეთი 800 ლარს აღწევს, ხოლო განყოფილების უფროსებისა და სამსახურის უფროსებისა – 1150-ლარიდან 1650 ლარის ფარგლებში მერყეობს.
რაც შეეხება აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომლებისთვის საახალწლო პრემიების საკითხს – ამ უწყებაში 108 მოხელეზე 159 114 ლარი დახარჯულა. ამ შემთხვევაში სიას სათავეში უდგას მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე – მას საახალწლოდ 3310 ლარი აქვს აღებული და როგორც უკვე აღვნიშნეთ, საპრემიო პოზიციებით მხოლოდ იონა წითელაძე უსწრებს.
პრემიის თვალსაზრისით არჩილ ხაბაძეს ოდნავ ჩამორჩება მისი აპარატის უფროსი რუსლან ქორიძე, რომელსაც დეკემბერში პრემიის სახით 3 195 ლარი მიუღია.
არჩილ ხაბაძეს ოთხი მრჩეველი და ოთხი თანაშემწე ჰყავს. თანაშემწეებს შორის ყველაზე მაღალი პრემია – 2125 ლარი მიუღია ხათუნა ნაყეურს, სხვა თანაშემწეებისა და მრჩევლების პრემია ერთი და იმავე ოდენობისაა – 1875 ლარი.
არჩილ ხაბაძის მრჩევლებს შორის გვხვდება ჯემალ გოგიტიძეც. მას სხვა თანაშემწეებისგან განსხვავებული პრემია არ აქვს მიღებული. თუმცა, „ბათუმელების“ ინფორმაციით, ჯემალ გოგიტიძე შს სამინისტროს ოფიციალური თანამშრომელი, ანუ ეგრეთ წოდებული ოდეერია (მას, როგორც ამ უწყების თანამშრომელს ქონებრივი დეკლარაციაც აქვს შევსებული). ეს კი იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ მას კიდევ ერთი პრემიაც უნდა ჰქონდეს მიღებული (შს სამინისტროს პრესცენტრში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ საახალწლოდ პრემია ყველა თანამშრომელზე გაიცა).
აჭარის მთავრობაში სულ ცხრა დეპარტამენტი ფუნქციონირებს. დეპარტამენტების ოთხ უფროსს 2 655 ლარი აქვს პრემიის სახით მიღებული გასული წლის დეკემბერში, ხოლო ხუთი მათგანის საპრემიო თანხა 3009 ლარია.
კიდევ ერთ – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პრემიის დანიშნულებით გასული წლის დეკემბერში 74 736 ლარი დაუხარჯავთ. ამ შემთხვევაშიც ლიდერი პოზიცია უკავია მინისტრ გია თავამაიშვილს – 3 808 ლარი, მოადგილეებს მინისტრთან შედარებით რამდენიმე ასეული ლარით ნაკლები პრემია მიუღიათ.
გია თავამაიშვილთან შედარებით ნაკლები – 2 720 ლარის პრემია იმავე პერიოდში მიღებული აქვს მისსავე კოლეგას – აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნუგზარ სურმანიძეს. შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება ამ სამინისტროში მინისტრის მოადგილეების მიერ მიღებული პრემიის ოდენობაც – 1950 ლარი.
საერთო ჯამში ამ სამინისტროს სულ 63 ადამიანისთვის მიუცია პრემია. გასული წლის დეკემბერში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრემიებისთვის 71 116 ლარი აქვს დახარჯული.
რაც შეეხება ორ არჩევით ორგანოს – ბათუმის საკრებულოსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს, ამ ორგანოებიდან „ბათუმელებს“ პრემიების შესახებ ინფორმაცია არ მოაწოდეს.
ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსის, პაატა მგელაძის მრავალგზის დაპირების მიუხედავად, ამ ინფორმაციას „ბათუმელებამდე“ არ მოუღწევია.
პრემიების გასაჯაროებასთან მიმართებაში წინა ხელისუფლების პრაქტიკას ჯიუტად იცავენ უმაღლეს საბჭოში – მაგალითად, აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომლის ძირითადი დანიშნულება ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლია, მიაჩნიათ, რომ ბიუჯეტიდან პრემიებისთვის გაცემული თანხა არის პერსონალური ინფორმაცია, ანუ საზოგადოებას არ აქვს უფლება იცოდეს, რამდენს იღებენ მათი თანამშრომლები. სწორედ ამის შესახებ გვაცნობს უმაღლესი საბჭოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის – ჯამბულ კურცხალიძის ხელმოწერილი დოკუმენტი.
უმაღლეს საბჭოდან მიღებულ წერილში მითითებულია, რომ „შრომის ანაზღაურების მუხლში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე… უმაღლესი საბჭოს საჯარო მოხელეებისა და დამხმარე მოსამსახურეთა პრემიებისთვის გამოიყო 106 790 ლარი“.