ახალი ამბები

“ოცნების” ხელისუფლება მისი წინამორბედის გზას დაადგა – დვალი და აქიმიძე

12 აგვისტო, 2019 • 1505
“ოცნების” ხელისუფლება მისი წინამორბედის გზას დაადგა – დვალი და აქიმიძე

“რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ქიბარ ხალვაშის განცხადებას ეხმაურებიან “რუსთავი 2”-ის გაყიდვის შესახებ და ამბობენ, რომ “ოცნების” ხელისუფლება მისი წინამორბედის გზას დაადგა.

“ის ცდილობს გადაყიდვების გზით კვალის არევას და ჩვენთვის სამართლებლივი ბრძოლის გართულებას. დაპირებული სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, მან მიზნად დაისახა „რუსთავი 2-ის“ ივანიშვილთან დაახლოებულ, მისთვის უფრო საიმედო მფლობელისთვის გადაცემა. ეს უკვე ნაცნობი სცენარია, დღევანდელი ხელისუფლება ამ ტაქტიკაში ორიგინალური არ არის”, – ნათქვამია დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებაში.

“რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები „კონკურსში“ მონაწილეობის პოტენციური მსურველებს აფრთხილებენ, რომ ისინი ვერ გახდებიან კეთილსინდისიერი შემძენები.

“ეს ტელევიზია უკანონოდ წაართვეს მის დამფუძნებლებს, რომლებიც მის დასაბრუნებლად იბრძვიან. ეს დადასტურებულია მთავარი პროკურატურის მიერ, სადაც 2012 წლიდან ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და რომელმაც 2015 წელს დაზარალებულად გვცნო. გამოძიება კვლავ გრძელდება. როგორც ვერ უშველა გადაყიდვების გზით სამართლებლივი კვალის აბნევის მცდელობამ წინა ხელისუფლებას, ასევე განწირულია ივანიშვილის სურვილი, კანონიერების ელფერი შესძინოს „რუსთავი 2-ის“ ჯიბეში ჩადებას და გაართულოს ჩვენი სამართლიანი ბრძოლა. ქვეყნისთვის ტრაგიკულია, რომ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაითავისა ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისა და საზოგადოების არსებობისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

დვალი და აქიმიძე ამბობენ, რომ „რუსთავი 2”-ისთვის ბრძოლა გრძელდება და დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ტელეარხი დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ შეასრულოს დამოუკიდებელი, კრიტიკული და მიუკერძოებელი მედიასაშუალების ფუნქცია.

დღეს, 12 აგვისტოს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ამჟამინდელმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ სამაუწყებლო კომპანიის გაყიდვას გეგმავს.

ქიბარ ხალვაში “რუსთავი 2-ს” ყიდის

მასალების გადაბეჭდვის წესი