ახალი ამბები

ნიკა გვარამიას ახალი ტელეარხის სახელი “მთავარი არხი” იქნება

10 აგვისტო, 2019 •
ნიკა გვარამიას ახალი ტელეარხის სახელი “მთავარი არხი” იქნება

“რუსთავი 2-ის” ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს მას დააპატიმრებენ თუ არა, ის მაინც გახსნის ახალ ტელეარხს, რომლის სახელწოდებაც “მთავარი არხი” იქნება. ამის შესახებ გვარამიამ 9 აგვისტოს განაცხადა.

უფრო ადრე რ2-ის ყოფილმა დირექტორმა ისაუბრა იმის შესახებაც, რომ ის აქტიურად ეძებს დაფინანსების წყაროს თავისი ახალი ტელეარხისთვის.

“ფული მოდის ბევრი მხრიდან, მე ვმუშაობ ფანდრაიზინგზე. სამწუხაროდ, მე არ მაქვს ფუფუნება, რომ მყავდეს ისეთი დამფინანსებელი, როგორიც მეორე შემთხვევაშია (დავით კეზერაშვილი), წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრად სწრაფად გავაკეთებდი ამ ყველაფერს. ვმუშაობ ბევრი მიმართულებით. ყველასთან დავილაპარაკებ, მიხეილ სააკაშვილით დაწყებული, ზაზა ოქუაშვილით დამთავრებული. ზაზა ოქუაშვილს (იბერია ბიზნეს ჯგუფისა და ტელეკომპანია იბერიას დამფუძნებელი) ნამდვილად ველაპარაკე და ის აპირებს ამაში მონაწილეობის მიღებას”, – თქვა ნიკა გვარამიამ რამდენიმე კვირის წინ.

ნიკა გვარამიამ ახალი ტელეარხის გახსნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მიმდინარე წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე ქართულ სასამართლოებში არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა კონვენციის რომელიმე მუხლი. შესაბამისად, იმავე დღეს რუსთავი 2 გადაიფორმა ქიბარ ხალვაშმა და ნიკა გვარამია დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლა.


9 აგვისტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ “რუსთავი 2-ისა” და სარეკლამო კომპანია “ინტერმედიის” საქმეზე არხის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა.

პროკურატურა ირწმუნება, რომ ნიკა გვარამიამ შპს “ინტერმედიას” მიანდო “რუსთავი 2-ის” სარეკლამო დროის გაყიდვა და რამდენიმე მილიონით აზარალა ტელეარხი.

გარდა ამისა, პროკურატურის განცხადებით, “ინტერმედიამ” გვარამიას გადასცა ორი ბინა ვაკეში, რომელიც გვარამიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტად გაყიდა.

ბრალის წარდგენის შემდეგ საგამოძიებო უწყება სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.

ნიკა გვარამიამ მის მიმართ ბრალის წაყენებას სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ “კორუფცია არის თემა, რომელთან შედარებით უმძიმესი დანაშაულები ემსუბუქება”. როგორც გვარამია წერს, “ეს არის მისი წითელი ხაზი, რაც ბიძინა ივანიშვილმა მეორედ გადაკვეთა”. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ ბინების გადაცემა მოხდა ვალის დაბრუნების მიზნით და აღნიშნული ეპიზოდი ემსახურება მასზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის შექმნას, რეალობაში კი საქმეში ამასთან დაკავშირებით მასალები არ დევს და მისთვის ამ საკითხზე კითხვებიც არ დაუსვამთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი