ახალი ამბები

ჯერ ადამიანებს ბრალი წაუყენეს და შემდეგ დამიბარეს გამოკითხვაზე – ვატო წერეთელი

8 აგვისტო, 2019 • 1458
ჯერ ადამიანებს ბრალი წაუყენეს და შემდეგ დამიბარეს გამოკითხვაზე – ვატო წერეთელი

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ტვ პირველის” დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის გამოკითხვა მიმდინარეობს. პროკურატურის განცხადებით, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო (ვახტანგ) წერეთლის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება, რომელზეც ბრალი „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ფულის გათეთრების მუხლით აქვთ წაყენებული.

“პირველი დღიდან ვითხოვდი ჩემს გამოკითხვას, როგორც კომპანიის დამფუძნებლის. სამწუხაროდ, ჯერ ადამიანებს წაუყენეს ბრალი და შემდეგ დამიბარეს გამოკითხვაზე. ჩემი აზრით, ეს არის სრული იდიოტიზმი. ამიტომ ახლა შევალ და ვეცდები, ყველა კითხვას პასუხი გავცე. ჩემი აზრით, წარმოუდგენელია ის, რაც ახლა ხდება ამ საქმესთან მიმართებაში და თუ უნდათ ხალხმა დასცინოს, გასაგებია”, – განაცხადა წერეთელმა.

კითხვაზე, უკავშირებს თუ არა გამოკითხვაზე დაბარებას “ტვ პირველის” საქმიანობას, წერეთელი პასუხობს, რომ ვრცლად ისაუბრებს გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ.

ვატო წერეთლის მხარდასაჭერად სასამართლოში იმყოფებიან “ტვ პირველის” ჟურნალისტები.

“1% მაინც რომ არ მჯეროდეს, რომ ეს უკავშირდება “ტვ პირველს”, მე აქ არ ვიქნებოდი. არავის ბიზნესინტერესების დასაცავად აქ არ ვიქნებოდი, რაოდენ პატივს არ უნდა ვცემდე. ქვეყანაში, სადაც უამრავი გამოუძიებელი საქმეა ცოტა ხნის წინ მომხდარი, უეცრად თურმე გამოძიება ინტერესდება 11 წლის წინანდელი საქმით, რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული. სამართლებრივად გამართულ ქვეყანაში აქამდე უნდა დაკითხულიყო, სანამ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალს წაუყენებდნენ. უბრალოდ, მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2” ჩაიდეს ჯიბეში, იფიქრეს, ბარემ აგვისტოა და “ტვ პირველიც” მივაყოლოთო”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

ვახტანგ წერეთლის დაკითხვაზე დაბარების დროსთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

“გამოძიება განგრძობადი პროცესია. მტკიცებულებების მოპოვება ხდება ეტაპობრივად. ყველა მტკიცებულების ერთდროულად მოპოვება შეუძლებელია. შესაბამისად, როდესაც მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ დაკითხულიყო ვახტანგ წერეთელი, სწორედ მაშინ მივმართეთ მას. მას შემდეგ, რაც გავაანალიზეთ მოპოვებული მტკიცებულებები, დავდექით ამ აუცილებლობაზე და სწორედ ახლა ვკითხავთ ვახტანგ წერეთელს”,- განაცხადა პროკურორმა.

ამავე თემაზე:

“TV პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს

მასალების გადაბეჭდვის წესი