ახალი ამბები

“TV პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს

6 აგვისტო, 2019 •
“TV პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს

“TV პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი პროკრატურაში დაიბარეს.  ინფორმაციას ამის შესახებ თავად წერეთელი ავრცელებს. მისი თქმით, ის მზადაა ნებისმიერ კითხვას უპასუხოს, თუმცა მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით:

“პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ ! ყველას ვერ დააშინებთ ” ,- ამბობს წერეთელი.

აღნიშნულ საკითზე “ნეტგაზეთი” საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ ვატო წერეთელი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებშია გამოკითხვაზე დაბარებული.


მთავარმა პროკურატურამ მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა, რომ “თიბისი ბანკიდან” გამოძების ფარგლებში ამოიღო დოკუმენტაცია. უწყების თქმით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. ვატო წერეთელი სწორედ ამ ორი კომპანიის მეწილეა.

პროკურატურა ასევე ირწმუნება, რომ ამ კომპანიებისთვის ნასესხები თანხა “თიბისის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ასევე, ბადრი ჯაფარიძემ ისესხეს, როგორც ფიზიკურმა პირებმა, შემდეგ კი ბანკმა ვალი ჩამოწერა წერეთლის კომპანიებს.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ხაზარაძისთვისა და ჯაფარიძისთვის თითო-თითო მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა. სწორედ მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელიც პორტს აშენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი